დღეს გამართულ აქციაზე სახელწოდებით „მარჯვენა საჭე ჩემი უფლებაა“, სადაც მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას აპროტესტებდნენ, ინციდენტი მოხდა.
აქციაზე შეკრებილებმა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის გამოჩენისას სტვენა დაიწყეს. როდესაც ის პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შორის გადიოდა, ერთ-ერთ მონაწილეს გაარტყა და შემდეგ პარლამენტში შევიდა. მოგვიანებით, დაზარალებულის ვინაობა ცნობილი გახდა, ის აქციის ერთ-ერთი მონაწილე არტურ არუთინოვია.
როგორც „მეტრონომს“ ამ ინციდენტის თვითმხილველმა გაგა თუთარაშვილმა განუცხადა, იმ დროს, როდესაც მეჭიაურმა აქციის მონაწილეს ხელი გაარტყა, ის ახლოს იმყოფებოდა და ეს ყველაფერი ნათლად დაინახა.
„პარლამენტის უკანა მხარეს, როდესაც მეჭიაური გამოჩნდა, აქციის მონაწილეებმა პროტესტის გამოსახატად სასტვენებით სტვენა დაიწყეს. სწორედ ამ დროს, როდესაც მასთან ახლოს მდომმა ერთ-ერთმა პიროვნებამ სტვენა დაიწყო, მეჭიაური მიუტრიალდა და სახეში ჩაარტყა. შემდგომ ის შევიდა პარლამენტში და სიტუაცია განიმუხტა“ – აღნიშნა თვითმხილველმა გაგა თუთარაშვილი.
აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელიაც იმყოფებოდა, რომელმაც მეჭიაურის ქმედება დაგმო და განაცხადა, მეჭიაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის პარლამენტში შემთხვევით მოხვედრილია.
„მე ვიძლეოდი კომენტარს და ჩემგან მარცხნივ, სადღაც 10 მეტრში ბატონმა მეჭიაურმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავისი უსაქციელობით. ეს ადამიანი სამწუხაროდ არის სახელისუფლებლო პარტიის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი. ადამიანი, რომელიც ოდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს ადამიანი შემთხვევით არის მოხვედრილი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნიშნით, რომ ის ახლო მეგობარია ბატონი ივანიშვილის და ამას არც მალავს და მომდევნო საპარლამენტო სიაშიც ერთ-ერთ წამყვან ადგილს დაიკავებს სიაში. ადამიანი, რომელიც აქციის მონაწილეს ურტყამს, რაც არ უნდა არასასიამოვნო იყოს აქციის მონაწილე მის მიმართ, დეპუტატი იმის დეპუტატია, რომ თავი შეიკავოს. ვნახოთ, ახლა დააკავებენ ბატონ მეჭიაურს, ისევე როგორც ქუთაისის პარლამენტთან დააკავეს სამი ახალგაზრდა, როდესაც შეხლა-შემოხლა მოხდა ოცნების ასევე ერთ-ერთ დეპუტატ ლორთქიფანიძესთან? ვნახოთ, აბა, რას იზამენ, რამდენად დაინტერესდება გამოძიება რაც აქ მოხდა და რამდენად არის ამ ქვეყანაში ორმაგი სტანდარტი, ამაში ჩვენ დავრწმუნდებით“ – განაცხადა მელიამ.
როგორც „მეტრონომს“ ნიკა მელიამ განუცხადა, ის პარლამენტის ირგვლივ დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან კადრების ამოღებას და თამაზ მეჭიაურის დაკითხვას ითხოვს.
დაზარალებული არტურ არუთინოვი იქვე მყოფმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გაიყვანეს. ოქმზე, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეადგინეს, არუთინოვმა ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ ის ადვოკატს ელოდება, რის შემდეგაც მას მოწმის სახით დაკითხავენ.
როგორც მოგვიანებით მეჭიაურმა განაცხადა, მას ხელი არავისთვის გაურტყამს.
“არავისთვის ხელი არ დამირტყამს. რომელი რემბო მე მნახეთ. გგონიათ, ამხელა აქციას ხელით მარტო მოვერეოდი? საჭეც არავის ეკავა და რა უნდოდათ, ისიც არ ვიცი”, – ამბობს მეჭიაური.