ახალი ამბები ეკონომიკა პოლიტიკა

რუსეთ-უკრაინის ომი და მძიმე ეკონომიკური პროგნოზები საქართველოსთვის – ოთარ აბესაძის შეფასება

“მიუხედავად იმისა, რომ ომი საქართველოდან 2000 კმ-ში მიმდინარეობს, ეს ქვეყანაში ნეგატიური მოლოდინის თეორიებს მაინც ამძაფრებს”, – ამის შესახებ “მეტრონომს” ეკონომიკის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ოთარ აბესაძემ განუცხადა.

პროფესორი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მნიშვნელოვნად იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

მისივე თქმით, დღეს, დილიდან, რამდენიმე საათში, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად დაეცა და გაუფასურების ტენდენცია გრძელდება.

“საშუალოდ, ყოველ  40 წუთში უფასურდება ლარი. დღეს დილას ერთი დოლარი ღირდა 3,1 ლარი, ახლა ტაბლოებზე არის 3,27 ლარი, ეს საკმაოდ უხეში ფაქტია. ზრდის ტენდენცია ძალიან საგანგაშოა. ეს ზრდის ტემპი, სავარადუდოდ, პროგნოზში გაგრძელდება და დოლარის ღირებულება უახლოეს ერთ კვირაში, 10 დღეში, შეადგენს 4 ლარს. რაც შეეხება საწვავის ფასს, ეს მიბმულია ერთმანეთზე, ვინაიდან, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, ბარელი ნავთობის ღირებულება დადგინდა აბსოლუტურ რეკორდზე, შეადგინა 101 დოლარი. საბოლოოდ, კორელაცია რომ გავაკეთოთ დოლარის კურსისა და ბარელი ნავთობის ფასის, მივიღებთ საწვავსაც საშუალოდ, 4 ლარის ექვივალენტს საქართველოში, უახლოეს 2-3 კვირაში”, – აცხადებს ეკონომიკის დოქტორი.

ოთარ აბესაძის შეფასებით, სიტუაციის დასტაბილურებამდე, ომი მნიშვნელოვნად დაარტყამს ქვეყნის საინვესტიციო ბაზარსაც.

“ეს ყველაფერი აისახება კავკასიის რეგიონზე, ომია ფაქტობრივად ქვეყანაში და არც ერთი საერთაშორისო ინვესტიცია თუ მსხვილი პარტნიორი საინვესტიცვიო კუთხით საქართველოსკენ არ გამოიხედავს, სანამ რეალური სტაბილურობა არ დადგება ქვეყანაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – აცხადებს ოთარ აბესაძე.

პროფესორის შეფასებით, ვინაიდან, რუსეთი და უკრაინა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან, ომი ქვეყნის ექსპორტ-იმპორტზეც უარყოფითად აისახება.

“ასევე, ომი შექმნის ერთგვარ სასურსათო კრიზისსაც, ვინაიდან, რუსეთი და უკრაინა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, როგორც ექსპორტის, ასევე, იმპორტის კუთხით. შესაბამისად, მათ შორის ომი თავისთავად გამოიწვევს რუსეთის სანქცირებას, სანქცირებულ რუსეთში ხდება რეკორდულად რუბლის გაუფასურება და ამას დაემატება მათი გაუფასურებული საფინანსო აქტივები – ეს გამოიწვევს ჩვენთვის რუსული პროდუქციის ფასის ზრდას, რაც შეეხება ელექტროენერგიას, სურსათს, გაზს და ა.შ. 

ექსპორტის შემთხვევაში, სადაც ვყიდით ნედლეულს და პროდუქტს, საომარ მოქმედებაში მყოფი ქვეყანა რეალურად ფუფუნების საგნებზე ამბობს უარს. ფაქტობრივად, გაჩერდა საჰაერო მიმოსვლა, ჩერდება პორტები ამ ოკუპაციის შედეგად, აქედან გამომდინარე, გვეხსნება ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პარტნიორი. მოკლედ, ძალიან დიდ კრიზისში ვართ და ეს უდიდესი პრობლემაა ჩვენთვის”, – განუცხადა “მეტრონომს” ოთარ აბესაძემ.

იტვირთბა....