პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ინიციატივით გამოდის – ვლადიმერ პუტინის გუშინდელი გამოსვლის პასუხად, საქართველოს მოქალაქეებმა ცოცხალი ჭაჭვი შეკრან. როგორც ხოშტარია ფეისბუქზე წერს, ამ საკითხზე კონსულტაციებს ყველა პარტიასთან და საზოგადოებრივ ჯგუფთან გაივლიან, საპროტესტო აქტი კი შაბათს, 15:00 საათზე განხორციელდება.
“ვფიქრობ, პუტინის გუშინდელ გამოსვლას, გარდა მთავრობების პასუხისა, მოქალაქეების პასუხიც უნდა მოჰყვეს. დარწმუნებული ვარ, ბევრს გვაქვს სურვილი, დავაფიქსიროთ, რომ იმპერიული ისტორია, რომელიც გუშინ პუტინმა გადაგვიწერა, ჩვენთვის ბოროტებაა და სამომავლოდ ამის მიღებას არავინ აპირებს. უნდა გამოვჩნდეთ ქვეყანა და მისი მოქალაქეები, რომლებმაც 1991 წლიდან მოყოლებული, 2008 წლის გავლით, ყველაზე კარგად ვიცით, რა არის ოკუპაცია.
დღეს “დროა” დავიწყებთ კონსულტაციებს ყველა პარტიასთან და საზოგადოებრივ ჯგუფთან. ვფიქრობ, ჯაჭვი უნდა გავაკეთოთ. ფორმებზე კიდევ ვიფიქრებთ და ყველაფერს შეგატყობინებთ ოპოზოციური სპექტრი ერთად. შაბათს მოინიშნეთ 3 საათი პუტინისთვის პასუხის გასაცმად”, – წერს ხოშტარია.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი გუშინ ვრცელი სატელევიზიო მიმართვით გამოვიდა, რომლის ბოლოსაც, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ “სახელმწიფოების” დამოუკიდებლობა აღიარა.