ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინსიტრაცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს ეხმაურება, რომლითაც მან სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებზე გრიფი “საიდუმლოს” მოხსნის თაობაზე მიმართა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზიდენტის მიერ 2013 წელს გამოცემული გრიფი “საიდუმლოს” სამართლებრივი აქტების განსაიდუმლოება დღემდე იმიტომ არ მომხდარა, რომ საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატი, რომელიც ამ დოკუმენტების რეგისტრაციის, შენახვის და დაარქივების საქმის წარმოებას ახორციელებდა, 2018 წელს გაუქმდა, ხოლო საქართველოს მთავრობამ, რომელიც უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დოკუმენტებზე წვდომა არ მიანიჭა.

“ეროვნული უშიშროების საბჭოში დაცული ყველა დოკუმენტი, დაუყოვნებლივ გადაგზავნილი იქნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში და შესაბამისი რეგულაციებით, 2019 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უნდა განეხორციელებინა შესაბამისი დოკუმენტების კლასიფიკაცია, დაარქივება და ა.შ. უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019-2021 წლებში რამოდენიმეჯერ მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინსიტრაციას აღნიშნული საიდუმლო გრიფით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების თაობაზე, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის მიმართვისა, დღემდე, აღნიშნული დოკუმენტები არ მიუღია პრეზიდენტის ადმინისტრაციას. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს აღნიშნულ დოკუმენტაციაზე და მათ განსაიდუმლოებაზე. თუ კი ექსპრეზიდენტს რაიმე სახის პრეტენზია აქვს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით, მას შეუძლია, პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობას და ადმინისტრაციას იმისათვის, რომ დოკუმენტებთან დაკავშირებით ჰქონდეს ინფორმაცია”, – ითქვა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილის შინაარსი სალომე ზურაბიშვილისადმი მუქარის და ცილისწამების შემცველი გზავნილია.

“გაუგებელი და მიუღებელია ღია მიმართვაში გაჟღერებული ირიბი თუ პირდაპირი მუქარა პრეზიდენტის მიმართ იმის შესახებ, თუ რაზე შეიძლება მომავალში, საქართველოს პრეზიდენტი იქნას გასამართლებული. ის აკეთებს ინსინუაციას სტუმრების შამპანურით გამასპინძლების თაობაზე და ასევე, შეწყალების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც. ასეთი ინსინუაციები სრულიად უადგილო, მიუღებელი, ანაქრონული და უშედეგოა, რამეთუ, ეკუთვნის იმ წარსულს, რომელთან დაშორებასაც ემსახურება ეროვნული თანხმობის პროცესი, რომელიც პრეზიდენტმა წამოიწყო. ეს პროცესი ემსახურება ისეთი სახელმწიფოს შენებას, სადაც აღარავის ექნება შიშის განცდა და ვერავინ შეძლებს დაშანტაჟების და დისკრედიტაციის საფუძველზე მიაღწიოს საკუთარ პოლიტიკურ შედეგს. ბოლოს, ექსპრეზიდენტისაგან, რომელმაც უარი თქვა საკუთარ მოქალაქეობაზე და ქვეყანაზე და მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ძალიან უხერხულად ჟღერს აპელირება და მინიშნება საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რომელიც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საბოლოოდ დათმო”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინსიტრაციაში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს მიმართავდა, რომ გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნის შემთხვევაში, მას შეეძლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხსნა, რომელიც სახელმწიფო ქონების გაფლანგვის – ე.წ. პიჯაკების საქმეზე ყოფილ პრეზიდენტთან ერთად არის ბრალდებული.

“მე და ჯანაშიას გვედავებიან არა ხარჯების მიზნობრიობას, როგორც ტელევიზიით ყვებიან, არამედ მათი გაწევის წესს. თუ თქვენ ამ გრიფს მოხსნით, დადასტურდება, რომ ეს პროცედურები უბრალოდ ჯანაშიას კაპრიზი კი არ იყო, არამედ საყოველთაოდ მიღებული განგრძობითი პრაქტიკა, რომელიც, რაც მთავარია, სრულიად ჯდება კანონის ფარგლებში”, – ნათქვამია სააკაშვილის ღია წერილში.

იტვირთბა....