საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ უვადო შიმშილობის გამოცხადებას ეხმაურება. როგორც კახაძემ მეტრონომთან საუბრისას აღნიშნა, მის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ჭრილში ვერ შეაფასებს, თუმცა, მისთვის, როგორც ექიმისთვის, ექსპრეზიდენტის შიმშილობა მიუღებელია.
“პოლიტიკაში, თურმე ყველაფერი მოსულა. მე არ მაქვს უფლება, პოლიტიკოსის ნაბიჯები შევაფასო. როგორც ექიმს, ისე თუ მკითხვათ – მიუღებელია ჩემთვის. მე მინდა, რომ ყველა ადამიანი იყოს ჯანმრთელი, დანარჩენი, გადაწყვეტილებას იღებს თითოეული ადამიანი, განსაკუთრებით, პოლიტიკოსი”, – ამბობს კახაძე.
კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილმა 50 დღე იშიმშილა, რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ის შიმშილობის განახლებამ, კახაძემ აღნიშნა, რომ “საეჭვოა, რამდენად სრულფასოვანი იყო” წინა შიმშილობა.
“მე ვერ გეტყვით, რამდენად სრულფასოვანი იყო ის შიმშილობა. მე არამაქვს არცერთი მონაცემი და სადაო საკითხია – ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს. ბუნების კანონია, თუ ორგანიზმი არ იღებს ნახშირწყალს, ელექტროლიტებს, ვიტამინებს იმ დასაშვები ნორმით, რომელმაც სიცოცხლე უნდა უზრუნველყოს, ასეთი ორგანიზმი ვერ ძლებს დიდხანს. ყველა ინდივიდუალურია, ზოგიერთი ადამიანი საერთოდ ვერ ძლებს, ზოგიც ძლებს მეტ-ნაკლებად, მაგრამ უსასრულოდ ვერ ძლებს ვერავინ. ამიტომ, თავის თავს გამოცდას ნუ მოუწყობს ნურავინ, მე მინდა ეს ვთხოვო ყველას”, – ამბობს კახაძე.
ლადო კახაძის თქმით, ის ვერ გაითვალისწინებს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით -“მე მიკერძოებული ადამიანების აზრს ვერ გავითვალისწინებ. მე ობიექტური და მტკიცებულებითი მედიცინის მომხრე ვარ”, – აღნიშნა დეპუტატმა.