რუსეთ-უკრაინას შორის ვითარება დაძაბულია. საზოგადოებაში აქტიურად ჩნდება კითხვა: გადაიზრდება თუ, არა რუსული მხარის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული პროვოკაციები ფართომასშტაბიან ომში.
როგორია რუსეთ-უკრაინას შორის დღეს არსებული ვითარება , რას უნდა ველოდოთ და არის თუ არა კავშირი, დღევანდელ უკრაინის მოვლენებსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შორის – ამ საკითხებთან დაკავშირებით “მეტრონომი” ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს და “რონდელის ფონდის” მკვლევარს, ზურა ბატიაშვილს ესაუბრა.
გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს:
– როგორ ფიქრობთ გადაიზრდება თუ არა რუსეთ-უკრაინას შორის დღეს არსებული ვითარება ფართომასშტაბიან ომში?
– სინამდვილეში ის ამბავი, 100%-ით გადაიზრდება თუ არა ფართომასშტაბიან ომში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, იცის მხოლოდ ერთმა ადამიანმა და ეს არის ვლადიმერ პუტინი. ამიტომ, რა თქმა უნდა ვითარება დაძაბულია და სიტუაციის ესკალაცია შესაძლებელია. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად როგორი ამინდები იქნება…როგორი იქნება უკრაინელების პოზიცია, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობენ რუსები, რომ საპასუხო ცეცხლი გაახსნევინონ უკრაინელებს. საარტილერიო ცეცხლს ვგულისხმობ. ამას უკრაინელები არ აკეთებენ, რადგან არ მისცენ საბაბი დიდი ომის დაწყებისა. ბევრი ფაქტორია, რაზეც დამოკიდებული იქნება მოვლენების შემდეგი განვითარება.
– როგორ შეაფასებთ დასავლეთის რეაქციას…რას აკეთებდა, ან გააკეთებს დასავლეთი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად?
– მთელი ამბავი იმაშია, რომ დასავლეთმა რუსეთის მიმართ ძალზე მკაფიოდ, კონკრეტულად და მკაცრად ჩამოაყალიბა ერთიანი პოზიცია და სანქციების თემა, რომელიც რუსეთის ეკონომიკას აქტიურად დაარტყამს. თუ დღეს რუსეთი ამ დრომდე თავს იკავებს აქტიური საბრძოლო მოქმედებებისგან, ეს სწორედ დასავლეთის პოზიციის გამო ხდება. დასავლეთმა უკან არ დაიხია, რუსეთის პროვოკაციისა და შანტაჟზე დაფუძნებული პოლიტიკის წინაშე.
– არის თუ არა კავშირი, დღევანდელ უკრაინის მოვლენებსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შორის?
– ეს ყველაფერი ერთი დიდი პოლიტიკის ნაწილია. გუშინ იყო საქართველო და დღეს არის უკრაინა. სცენარებსაც კი არ ცვლიან და ეს ყველაფერი საერთო ჯამში არის მცდელობა ვლადიმერ პუტინისა, აღადგინოს საბჭოთა კავშირი. უბრალოდ მას ავიწყდება ის, რომ ისტორიას თავისი კანონები აქვს და ისტორიის სვლას ვერ შეაბრუნებს. ეს ბუნების წინააღმდეგ წასვლაა და ამას ვერ შეძლებს.
– შეაფასეთ უკრაინის მიმართ ქართული მხარის პოზიცია, რამდენად მიზანმიმართული და მყარია ის?
– ის რეზოლუცია თავიდან ბოლომდე სირცხვილია, სადაც ვერცკი გაბედეს იმის თქმა, რომ რუსეთი არის აგრესორი და რუსეთიდან მოდის ეს ყველაფერი. მარსიელები უტევდნენ უკრაინას და ასეთი ბუნდოვანი გამონათქვამები არ არის ხოლმე, ასეთ დროს კარგი თანმხლები. ხშირად ჩვენს ხელისუფლებას სიფრთხილე და შიში ერთმანეთში ერევათ. სინამდვილეში ეს არის შიში, რომელიც ვერ გიშველის, რადგან გეოგრაფიას ვერ შეცვლი. ამ გეოგრაფიულ არეალში იმყოფები და შენც მოგეთხოვება კომპეტენტური იყო და ამავე დროს ისტორიის სწორ მხარეზე მდგომიც.
ავტორი: მარიამ ხულიაშვილი