პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ბადრი ჯაფარიძის მიერ დანაშაულის აღიარების შემთხვევაში, მმართველი გუნდს შესაძლოა, მისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება აღარ მიეღო. ელისაშვილის შეფასებით, ეს კობახიძის მხრიდან “ძალიან ცუდი პოლიტიკური კულტურის გამოვლენაა”.
“ასე ნორმალური პოლიტიკოსები არ საუბრობენ, ეს არის პოლიტიკური პროცესების პარტიული ნაჭუჭიდან ყურება – ჩვენ არ ვართ საბავშვო ბაღში, ბაღის აღსაზრდელები არ ვართ და კობახიძე არ არის ჩვენი დამრიგებელი, რომ ასე ჭკუას გვარიგებდეს. ეს არის ძალიან ცუდი პოლიტიკური კულტურის გამოვლენა, გულწრფელი აღიარება იმის, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს, რომ პოლიტიკურ პროცესს სამწუხაროდ, უყურებს საკუთარი პარტიული გადასახედიდან, პრიზმიდან და არა სახელმწიფოებრივი გადასახედიდან. ეს არის გულდასწყვეტი, როცა ასე უყურებ მოვლენებს, რომ როცა “ქართული ოცნებისთვის” კარგ რამეს გააკეთებ, პრობლემა არ გექნება და როცა არ გააკეთებ, მაშინ პრობლემა გექნება და მანდატს გაგიუქმებს”, – ავრცელებს “ინტერპრესნიუსი” ელისაშვილის კომენტარს.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “როდესაც სისტემას უპირისპირდება პოლიტიკოსი, სისტემა სცემს პასუხს”.