დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ “ომიკრონის დროს, უმეტეს შემთხვევაში, ვაქცინა არ მუშაობს”, მედიაში კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაშუქდა.
“მოვისმინე მერე მე ეს განცხადებები და მგონი, კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. იქ გარკვევით ითქვა, დიახ, რასაც არავინ არ უარყოფს, რომ ჩვენ გვაქვს იანვარში და თებერვალში რეინფიცირების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. ანუ დაახლოებით 50 პროცენტი, ვისაც მეორედ დაემართა ინფექცია, იყო ორჯერადად აცრილი, მაგრამ ვინც გაიკეთა ბუსტერი, იქ რეინფიცირება ნაკლებია. ამიტომ, ის რაც გუშინ რატომღაც აიტაცა მედიამ, მხოლოდ პირველი ნაწილი იქნა გაშუქებული და არა ის, რაც მერე სწორად ბრძანეს, რომ 50 წლის ზემოთ ადამიანების აცრა აუცილებელია, რომ მეტი ადამიანი უნდა აიცრას და გაიკეთოს ბუსტერი“, – აცხადებს გამყრელიძე.
აღსანიშნავია, რომ პრემიერის სიტყვები “ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება ომიკრონი – მაგალითად, მე”, ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილმა ანტივაქსერული უწოდა და პრემიერი ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის წახალისებაში დაადანაშაულა.