მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ურჩევნია, მოახლოებულ ტურნირებზე, მათ შორის, უიმბლდონზე და საფრანგეთის ღია პირველობაზე მონაწილეობაზე უარი თქვას.
“ეს ის ფასია, რომლის გადასხდელადაც მზად ვარ. ვაქცინაციის წინააღმდეგი არასდროს არ ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის მხარს ვუჭერდი არჩევანის თავისუფლებას. ჩემი პრინციპი, რომ საკუთარ სხეულთან დაკავშირებით თავად მივიღო გადაწყვეტილება, ნებისმიერ ტიტულზე და ყველაფერ დანარჩენზე მნიშვნელოვანია”, – აღნიშნავს ჯოკოვიჩი.
ჩოგბურთელის თქმით, იმედი აქვს, რომ ზოგიერთ ტურნირზე სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნა შეიცვლება და “კიდევ ბევრი წლის განმავლობაში შეძლებს თამაშს”.
ცნობისთვის, აუცრელობის გამო, ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობის მისაღებად ჩასულ ჯოკოვიჩს გასულ თვეში ვიზის მოქმედება შეუჩერეს და ქვეყნიდან დეპორტაციით გამოუშვეს. ჯოკოვიჩმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, დავა წააგო.