ახალი ამბები საზოგადოება

მაია ბუწაშვილი: ასეთ მოკლე პერიოდში “ომიკრონით” ხელახლა ინფიცირება ძნელად წარმოსადგენია

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში “ომიკრონის” შტამით რეინფიცირების შესახებ წერს.

ექიმის თქმით, მოკლე პერიოდში “ომიკრონით” ხელახლა ინფიცირება იშვიათად შეიძლება მოხდეს.

“ერთ თვეზე მეტია, რაც ომიკრონის შტამი ცირკულირებს და უამრავი ადამიანი ინფიცირდება, მათ შორის კოვიდგადატანილები და ვაქცინირებულებიც.

ზოგიერთს ამ თვენახევრის განმავლობაში კოვიდის გადატანის შემდეგ ხელახლა დაეწყო სიმპტომები და აქტიურად ჟღერდება აზრი, რომ ამ ადამიანებს 3-4 კვირაში და ზოგჯერ უფრო ადრეც, ხელახლა დაემართა ომიკრონის შტამით გამოწვეული კოვიდი.

ზოგიერთებს განმეორებითი ტესტირებით PSR-იც დადებითი აქვთ და ეს კიდევ უფრო უმყარებთ აზრს იმის შესახებ, რომ ამ მოკლე ხანში ხელახლა ინფიცირდნენ.

მართალია, ჯერ ზუსტად არავინ იცის, რამდენხანს ვართ დაცული ხელახალი ინფიცირებისგან ომიკრონის ვარიანტის გადატანის შემდეგ, მაგრამ მე ვფიქრობ, ასეთ მოკლე პერიოდში ომიკრონით ხელახლა ინფიცირება ძნელად წარმოსადგენია და უკიდურესად იშვიათად შეიძლება მოხდეს.

რეალურად, სავარაუდოდ, ადამიანებს სხვა რომელიმე რესპირატორული ინფექცია ემართებათ (და ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ სეზონზე უამრავი სხვა ინფექცია არსებობს, მათ შორის გრიპიც) და ეს ინფექციები სიმპტომებით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ბევრ ვირუსს ახასიათებს ტემპერატურის მომატება, სურდო, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი და სხვ.

რაც შეეხება იმას, რომ ამ ადამიანებს ზოგჯერ PSR ტესტი დადებითი აქვთ, ეს შეიძლება კოვიდის წინა ეპიზოდის ნარჩენები იყოს. როგორც ვიცით, კოვიდის გადატანის შემდეგ PSR ტესტი შეიძლება რამდენიმე კვირა და თვეებიც დადებითი დარჩეს და ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ისევ გადამდებია და ისევ კოვიდი აქვს.

შესაბამისად, ჩვენ ზუსტად არ გვეცოდინება, ხელახლა მოხდა ინფიცირება, თუ ანალიზი ძველ ვირუსს “იჭერს”, ხოლო სიმპტომები სხვა ინფექციის გამო გვაქვს”, – წერს ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....