ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე: ვინც ამის შემდეგ ვაქცინაციაში დაეჭვდება, ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა იქნება

“პასუხისმგებლობა ადამიანებზე, ვინც ამის შემდეგ ვაქცინაციაში დაეჭვდება, ღარიბაშვილმა უნდა აიღოს”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. შეგახსენებთ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა თქვა, რომ მისი პირადი გამოცდილებიდან, “ომიკრონის დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს და ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება ომიკრონი”.

ხატია დეკანოიძის შეფასებით, ეს ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განცხადებაა.

“პრემიერი გამოდის ანტივაქსერული განცხადებით. ეს ხდება მაშინ, როდესაც ინფიცირების შემთხვევები ძალიან მაღალია და პანდემიის მართვა არის ძალიან მძიმე, დაბალ ნიშნულზე. ეს არის სახიფათო და ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განცხადება. ეს მოწმობს იმას, რომ პრემიერ-მინისტრს სურს, რაღაცნაირად სტატისტიკა შეალამაზოს და ამიტომ ამბობს, რომ ვაქცინა არ მუშაობს. ამ განცხადებას საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დამაზიანებელ განცხადებად მივიჩნევ და პასუხისმგებლობა ადამიანებზე, ვინც ამის შემდეგ ვაქცინაციაში დაეჭვდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა აიღოს”, – ავრცელებს “ინტერპრესნიუსი” დეკანოიძის განცხადებას.

 

 

იტვირთბა....