საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ეხმაურებ ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, რომელშიც ისმის, როგორ ამბობს ნიკა მელია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი იყო. ვოლსკის თქმით, აქამდე მელია იმას ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი უკრაინაში არ უნდა ყოფილიყო, ახლა კი, სიტუაციიდან გამომდინარე შეიცვალა აზრი.
“აცხადებდა, რომ კატეგორიულად მიუღებელია სააკაშვილის ყოფნა უკრაინაში. ახლა, რასაკვირველია, შედეგებიდან გამომდინარე საუბრობს და უნდა, რომ თავი წარმოაჩინოს უფრო ბრძენად, იმაზე ბრძენად, ვიდრე მაგალითად, ნაყოფიაა. საერთოდ, “ნაცმოძრაობა“ ორი ლიდერის ხელში დარჩა და ერთი ბელადის შემყურე. ორი ლიდერი, რომლებიც ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია – კობა ნაყოფია და ნიკანორ მელია, მაგრამ აერთიანებთ ერთი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ. ეს არეულობა და რევოლუციური პროცესები პერსპექტივაში არ მოსწონთ. სააკაშვილის შეკვეთა არის მთავარი და “ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად იქცა სააკაშვილის ამ ფანტაზიების მძევლად, რომ იგი რევოლუციური ტალღით იქნება გათავისუფლებული საკნიდან. ეს რეალობაა დღეს შექმნილი ამ პოლიტიკურ პარტიაში“, ავრცელებს ვოლსკის კომენტარს “იმედი”.
ცნობისთვის, ნიკა მელიამ დღეს განაცხადა, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ნამდვილად ეწინააღმდეგებოდა.