“ქართველი მოციგავის ოცნება, რომელიც ტრაგედიიდან 12 წლის შემდეგ მისმა ბიძაშვილმა აასრულა”, – ამ სათაურით BBC სტატიას აქვეყნებს მოციგავე ბიძაშვილების, საბა და ნოდარ ქუმარიტაშვილების შესახებ.
გამოცემა 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე მომხდარ ტრაგედიას იხსენებს, რა დროსაც, 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს სასიკვდილო დაზიანებები მიიღო.
“დაე, თქვენ იტვირთოთ მისი ოლიმპიური ოცნება და თქვენს გულში მის სულს გაეჯიბროთ” – ეს სიტყვები მოისმინეს დამწუხრებულმა სპორტსმენებმა 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე, რამდენიმე საათით ადრე დაღუპული ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის შესახებ. ასევე შეიძლებოდა, ეს სიტყვები მისი ბიძაშვილის, საბას მისამართით ყოფილიყო წარმოთქმული, რომელიც მაშინ, 9 წლის იყო. ის ახლა იმდენივე წლისაა, რა ასაკისაც ნოდარი იყო, როდესაც ბოლო, მეექსვსე სავარჯიშო დაშვებისას მისი ციგა გადატრიალდა და ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. ბევრი ადამიანისთვის გასაგები იქნებოდა, ქუმარიტაშვილების ოჯახი აღარასდროს რომ არ გაკარებოდა ციგას, მაგრამ ეს მათ სისხლში აქვთ”, – წერს “ბიბისი”.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, საბას დიდი ბაბუა საქართველოში პირველი საციგაო ტრასის აშენებას უწევდა მეთვალყურეობას ნახევარი საუკუნის წინ და მთავარი მწვრთნელიც იყო; მამა კი საქართველოს საციგაო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი იყო.
“გამუდმებით ნოდარიზე ვფიქრობ. ჩემს ოჯახში ყველა საციგურაო სპორტს მისდევს. არ მინდოდა, რომ ნოდარის შემდეგ საქართველოში სპორტის ეს სახეობა მომკვდარიყო. მინდოდა, რომ ეს გაგრძელებულიყო. ძალიან ბედნიერი ვარ, ის გავაკეთე, რაც მჭირდებოდა. ემოციებში ვიყავი, ვნერვიულობდი, მაგრამ საკუთარი თავით ძალიან ვამაყობ”, – მოჰყავს BBC-ს საბა ქუმარიტაშვილის სიტყვები და აღნიშნავს, რომ ქართველი სპორტსმენი 31-ე ადგილზე გავიდა ორი დაშვების შემდეგ, თუმცა, “მონაწილეობა ბევრად მეტს ნიშნავდა, ვიდრე რიცხვები”.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, 21 წლის საბა პეკინის 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ქართველი მოციგავე გახდა, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში იასპარეზა.
“ეს პატივი მის ბიძაშვილს ხვდებოდა წილად, რომ არა მომხდარი, რამაც მსოფლიოს შეახსენა იმ სპორტის სახეობის თანმხლები საფრთხეები, რომლის მიმდევარი ათლეტებიც მოყინულ ტრასაზე 136 კმ. საათში სიჩქარით ეშვებიან ტანზე მომდგარი კოსტიუმითა და შლემით”, – წერს BBC.