შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და მოსახლეობას მოუწოდებს, 112-ის ხაზები არამიზნობრივი ზარებით არ დატვირთონ.
“112 პანდემიის დაწყებიდანვე აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, რათა თითოეულმა მოქალაქემ დროული და მაღალკვალიფიციური მომსახურება მიიღოს. 112-ში, 24 საათის განმავლობაში, 35%-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს. გთხოვთ, გამოიჩინეთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე”, – ნათავამია განცხადებაში.
ამასთან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის განცხადებით, გადაუდებელი შემთხვევისას შეუფერხებლად დაკავშირების უზრუნველსაყოფად 112 სამ არხად დაიყო:
112– სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება;
112 1 – პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური;
112-2 -Covid -19.
“Covid-19-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-2-ზე ან დარეგისტრირდეს პორტალზე: https://er.moh.gov.ge/. 112-ის მიერ, Covid-19 დადასტურებული შემთხვევები შემდგომი მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმებს. თუ 48 საათის განმავლობაში არ დაგიკავშირდათ ოჯახის ექიმი შეგიძლიათ დარეკოთ ცენტრალური ონლაინ კლინიკის ცხელ ხაზზე – 1522, ხოლო კერძო დაზღვევის შემთხვევაში თქვენი სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე“, – წერია განცხადებაში.