“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საერთაშორისო დონეზე საქართველოს შესახებ საუბრები შემთხვევით არ გააქტიურებულა. როგორც გვარამიამ შავ ზღვასთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რუსეთმა ამ ეტაპზე უკრაინაში თავისი გეგმების განხორციელება ვერ შეძლოა და ახლა, იმისთვის, რომ საკუთარი მოქალქეების წინაშე დამარცხებულად არ გამოჩნდეს, ყურადღებას საქართველოსკენ მომართავს.
“შემთხვევითი არ არის ის, რომ დისკურსში გაჩნდა საქართველო – უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ პრაქტიკულად ყველა განცხადებაში საუბრობენ საქართველოზე. საერთაშორისო ექსპერტები, პოლიტიკოსები, მათ შორის კაპიტოლიუმში, მათ შორის ბრიტანეთში, რაც მთავარია, რუსულ პრესაშიც და დუმაშიც. ის რომ პუტინი დამარცხდა უკრაინაში, უკვე ფაქტია, რაზეც არ უნდა წავიდეს ის, ეს უკვე მარცხია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ პუტინისგან დამარცხების მოლოდინი რუსეთში არ აქვთ. პუტინი, როგორც კი ხედავს თავის დაბალ რეიტინგს, იწყებს ომს. ჩეჩნეთში ომიც მაშინ იყო და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ პუტინი ბოლომდე სახედაკარგული არ უნდა გამოვიდეს, თუ ის დამარცხებულია უკვე, რასაც რუსეთშიც აცნობიერებენ, მან რაიმე უნდა გააკეთოს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფოკუსი გადმოიწევს საქართველოზე და ეს ფოკუსი იქნება ბუნებრივია, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები”, – აღნიშნა გვარამიამ “მთავარი არხის” ეთერში.
ნიკა გვარამიას თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი ომს დაიწყებს. მისი თქმით, ის აფხაზეთიდან საოკუპაციო ხაზს იმდენად გადმოწევს, რომ ეს საკმარისი იყოს როგორც ანაკლიის, ისე ენგურჰესის მისატაცებლად.
“აფხაზეთის ანექსია ვერ მოხდება, რადგან შიდა აფხაზური საზოგადოება არ უჭერს მხარს რუსეთს. ე.წ. სამხრეთ ოსეთს, უკვე მიმართული აქვთ დუმისთვის რუსეთთან შეერთების მოთხოვნით და რუსეთი აპირებს, რომ ეს გააკეთოს და ე.წ. გაერთიანებული ოსეთის რესპუბლიკა შექმნას. ის დაჩქარებულად ჩაატარებს ე.წ. რეფერენდუმს. აფხაზეთშიც, ე.წ. საზღვრის ხაზის მნიშვბელოვნად გადმოწევას გამოიწვევს ეს. ძალიან მნიშვნელოვანი გადმოწევა არ სჭირდება იმას, რომ იქ მოექცეს ანაკლია, რომელიც გასაღებია იმისა, რომ რუსეთისთვის შავი ზღვარ არ გახდეს “უკანა ეზოს ზღვა”, როგორც დეგნანმა თქვა. შესაბამისად, ამ რეგიონიდან შავი ზღვის ღრმა წყლოვანი ნაწილი როგორც კი გადავა რუსეთის კონტროლს ქვეშ, ამით დამთავრდება. ენგურჰესის კაშხალი რჩება ჩვენს მხარეს, რადგან ის ჩვენთვის ძალიან მნიშვბელოვანი ობიექტია, ენგურჰესიც სავარაუდოდ მოექცევა საოკუპაციო ზოლში”, – ამბობს გვარამია.
მისი თქმით, ამ ყველაფერს პირველ რიგში, ხელისუფლების გასაგონად ამბობს, რომ სასწრაფოდ დაიწყოს რეაგირება და საერთაშორისო დონეზე ამ საფთხესთან გამკლავება.
“შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა, რომ ეს ჩვენ მოვახერხოთ, რადგან შემთხვევითი არ არის, რომ ყველა – აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირები, სტოლტენბერგი, ბრიტანეთი, ყველა საუბრობს საქართველოზე. რეალურად, ჩვენ არაფერი არ გვიქნია ისეთი, რომ დღის წესრიგში მოვხვედრილიყავით, მაგრამ ყველამ დაიწყო საუბარი იმიტომ, რომ ასეთი ინფორმაცია არსებობს”, – ამბობს გვარამია.