დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარება პიკშია. გამყრელიძის პროგნოზით, წავა თუ არა კოვიდვითარება დაღმავალი ფაზისკენ, მომდევნო კვირაში გამოჩნდება.
“ბოლო ერთ კვირაზე მეტია ინფიცირების დღიური რაოდენობა 18-24 ათასის ფარგლებში მერყეობს. ვთვლით, რომ პიკში ვართ. დაღმავალი ფაზისკენ წავა თუ არა, უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, რა მონაცემები გვექნება სამშაბათს და ოთხშაბათს“,- განუცხადა გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსს”.
ინფექციონისტის თქმით, მოსალოდნელია, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი თანდათან კლებისკენ წავა.
“ვფიქრობ, სიკვდილიანობაც თანდათან უნდა შემცირდეს, რამეთუ დღეს 208 745 აქტიური შემთხვევა იყო, აქედან 5 840 არის სტაციონარებში და არ იმატებს მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა – 900-დან 1100-ის ფარგებში მერყეობს. ასევე არ იზრდება რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა რაოდენობა, ვისაც ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება”, – ამბობს გამყრელიძე სააგენტოსთან საუბარში.