“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით კირკიტაძემ ტელეკომპანია “პირველების” ეთერში რუსთავის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, მას 2021 წლის ოქტომბერში, პარტიის ოფისთან მომხდარ დაპირისპირების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. კირკიტაძის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ამ ქვეყანაში სასამართლოში სამართალს იპოვის, თუმცა, ამ გადაწვეტილებას ფორმალურად მაინც გაასაჩივრებს.
“ფარსი იყო, რაც დატრიალდა. რადგან ქართულ სასამართლოში სამართლის პოვნა ფაქტობრივად შეუძლებელია, არ დავესწარი [განაჩენის გამოცხადებას]. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ფორმალურად მაინც გავასაჩივრებთ. საზოგადოება ერთიანია ამაში – შეთანხმებული ვართ, რომ სასამართლო არის “ქართული ოცნების” გაგრძელება და ატარებს იმ პოლიტიკას, რასაც დაუკვეთს ის”, – განაცხადა კირკიტაძემ “დღის ამბებში”.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, ოპოზიციამ ყურადღება სასამართლოზე და პროკურატურაზე გადაიტანოს და ხალხი ყურადღების გარეშე დარჩეს – “ამას ვერ მოესწრებიან, ამას ნამდვილად ვერ მოახერხებენ”, – ამბობს კირკიტაძე.
შეგახსენებთ, დავით კირკიტაძის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.