ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

ოპერის ახალი თეატრის გახსნას მხოლოდ მიწვეული სტუმრები დაესწრებიან

განახლებული თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნაზე მისვლას, რომელიც 30 იანვარსაა დაგეგმილი, მხოლოდ მიწვეული პირები შეძლებენ. როგორც „მეტრონომს“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა უთხრა, გახსნაზე მხოლოდ ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც ამდენი ხანი ელოდნენ ამას:

„ესენი არიან, ჩვენი ღვაწლმოსილი მომღერლები, თეატრალური საზოგადოების დიდი ნაწილი, ვისაც ვახერხებთ, რომ ამ 1065-კაციან დარბაზში მოვიწვიოთ, საზოგადო მოღვაწეები, მოწვეული უცხოელი სტუმრები – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი“ – აღნიშნა კინწურაშვილმა.

როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, გახსნაზე მიწვეულია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც და ასევე “ქართუ ჯგუფის” წარმომადგენლები, რომლებსაც მისი თქმით, დიდი წვლილი მიუძღვით თეატრის გახსნაში.

კინწურაშვილი ასევე ამბობს, რომ მთავრობისა და “ქართუ ჯგუფის” წარმომადგენლები მინიმალური რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი, რადგან მათ აქცენტი იმაზე გააკეთეს, რომ საზოგადო მოღვაწეები მაქსიმალურად დააფასონ.

„ჩვენ ვიწვევთ ამ ადამიანებს, იმიტომ, რომ მათ ეს ეკუთვნით“ – ამბობს კინწურაშვილი.

მისი თქმით, საზოგადოების რიგითი წარმომადგენლები იგივე წარმოდგენაზე დასწრებას მეორე და მესამე დღეს, ასევე 21 თებერვალს შეძლებენ.

მანამდე თეატრის საინფორმაციო ცენტრში დავრეკეთ, სადაც კითხვაზე, თუ რატომ არ შეიძლებოდა გახსნაზე რიგითი ადამიანების დასწრება, ასე გვიპასუხეს:

„თქვენ რომ 65 მილიონი ჩადოთ და ასეთი საოცრება გაარემონტოთ, მერე თქვენ არ მოიპოვებთ უფლებას და უპირატესობას, რომ ვინც გინდათ ის დაპატიჟოთ?“ – ასე რომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სტუმრებს ოპერისა და ბალეტის თეატრის ადმინისტრაცია კი არა, „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლები და ბიძინა ივანიშვილი იწვენენ, ანუ ის ადამიანები, რომლებმაც თეატრი გაარემონტეს.

 

იტვირთბა....