რატომ გაიხსენა თავდაცვის მინისტრმა 2 წლის წინანდელი ფეისბუქის პოსტი?
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი 2 წლის წინ მის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერილ პოსტზე კომენტარს აკეთებს და წერს:
„არ გასცე პასუხიო, თმენის ვალდებულებაო, მაგათ თავი არ გაუყადროო, მაგრამ მე ხომ მაინც ისე ვაკეთებ როგორც სწორი მგონია, ხოდა მათ კი არ ვცემ პასუხს, იმ ადამიანების პატივისცემის ნიშნად ვწერ ამ პოსტს ვინც ამათ ბოდვებს კითხულობს და გულწრფელად წუხს ისეთი რეგვენი თავდაცვის მინისტრი რომ ყავს რომელიც თურმე საკუთარ სამშობლოს საქაჯეთს ეძახის.
- პირველ რიგში დღესაც, სამი წლის შემდეგ, ვადასტურებ, რომ იმ პოსტის ადრესატები, ყველაზე მსუბუქი შეფასებით, ქაჯები არიან
- თუმცა აღმოჩნდა რომ მხოლოდ ქაჯები კი არა, ჩვეულებრივი უწიგნირები არიან, პირველი კლასიდან იწყებენ წაკითხულის შინაარსის მოთხოვნას ჩვენს სკოლებში frown emoticon
- ეხლა ჩემი გულშემატკივრებისა და გულწრფელად შეწუხებულებისათვის
2014 წლის აგვისტოს ჩემი პოსტი გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილის ზღვის ნაპირზე გადაღებულ ფოტოებს ეხება.
მე დავწერე:
“სანდრო უსუფაშვილი, გიგა უსუფაშვილი აი, ამიტომ წაგიყვანეთ ასე შორს, ამ ქაჯებს რომ დავსხლეტოდით :)))
ღმერთო ჩემო, რა საქაჯეთია; პალტოებით ზღვაზე და საერთოდ ამ გოგოს თავი რომ დაანებოს ყველამ, არა?! :)))”
- დიახ ზღვაზე საცურაო კოსტიუმით დადიან, პალტო არ აცვიათ და პალტოს რომ ითხოვს იმ ადამიანების გასაგონად დავწერე
- იმ აგვისტოს მე და ჩემი შვილები ზღვაზე საქართველოდან შორს ვიყავით და ამაზე ვწერდი, იქვე ჩვენი ფოტოებიც იდო.
- ზღვაზე დასასვენებლად წასვლა შვილების გადახვეწას, ქვეყნიდან გარიდებას და მსგავს მარაზმატიკულ გაგრძელებებს არც ერთ შემთხვევაში არ ითვალისწინებს.
- და კიდევ ერთხელ, დასტურისათვის, დიახ ასეთი “ჟურნალისტები” ქაჯები და გაუნათლებლები მგონია, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ და რომელი ქვეყნის პასპორტიც არ უნდა ედოთ ჯიბეში.
კი ვიფიქრე ვუჩივლებ და ბოდიშს მოვახდევინებ თქო, მაგრამ გადავიფიქრე, ესეც ზედმეტია მათთვის“- წერს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, 2014 წელს, ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შვილის, ანა მარგველაშვილის სანაპიროზე გადაღებული პოტოები გაავრცელა სათაურით „პრეზიდენტ მარგველაშვილის ქალიშვილის ნახევრადშიშველი ფოტოები“, რასაც ხიდაშელი გამოეხმაურა – სოციალურ ქსელში აღნიშნული ფოტოები გამოაქვეყნა და სააგენტოს მისამართით დაწერა:
„სანდრო უსუფაშვილი, გიგა უსუფაშვილი აი, ამიტომ წაგიყვანეთ ასე შორს, ამ ქაჯებს რომ დავსხლეტოდით :)))
ღმერთო ჩემო, რა საქაჯეთია; პალტოებით ზღვაზე და საერთოდ ამ გოგოს თავი რომ დაანებოს ყველამ, არა?! :)))
სულ მუდამ უხერხულ მდგომარეობაში ვარდებით, სულ არ ვიცნობ, მაგრამ მშვენიერი, ნათელი ახალგაზრდაა და რაც უკვე გაიბანძეთ თავი მგონი საკმარისია. თქვენგან ეს ამბავი არახალია, ძველია, მაგრამ პატივი ეცით ადამიანის პირად ცხოვრებას, მით უფრო როცა სათქმელი არაფერი გაქვთ”, – მიმართა სააგენტოს თინა ხიდაშელმა.