ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გუდკოვი მის დეპორტაციაზე: პუტინს აწონებენ თავს, სააკაშვილის დაკავება არ კმარა, საჭიროა სხვა ჟესტებიც

რუსი ოპოზიციონერი დიმიტრი გუდკოვი, რომელიც 31 იანვარს საქართველოს საზღვრიდან დეპორტაციით კიევში გააბრუნეს, ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ როგორც იქნა, ქართული მხარისგან განმარტება მიიღო. გუდკოვის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ქვეყანაში მისი არშემოშვების მიზეზად ის დაასახელა, რომ დუმის წევრი იყო. როგორც რუსი ოპოზიციონერი ამბობს, დუმის წევრობა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობა ხელისუფლებისთვის არ ყოფილა შემაფერხებელი ფაქტორი, როდესაც  სერგეი გავრილოვს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომის საშუალება მისცეს, ახლა კი, “სასაცილო ტყუილებით” ცდილობენ საქართველოდან მისი დეპორტირების გამართლებას.

“როგორც იქნა, საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პასუხს ვეღირსეთ. როგორც ჩანს, დიდხანს ფიქრობდნენ, როგორ აეხსნათ, თუ რატომ არ შემეძლო ხინკლის ჭამა მშიდობის ხიდის ფონზე და როგორც იქნა, მოიფიქრეს. ვციტირებ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის სიტყვებს – ქვეყანაში იმიტომ არ შემომიშვეს, რომ დუმის დეპუტატი ვიყავი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ვაღიარე და მეორე მიზეზია, რომ 2008 წელს ქართველებისთვის შეურაცხყოფა მივაყენე.

აფხაზეთის დამოუკიდებლობა სახელმწიფო დუმაში 2008 წელს აღიარეს. დეპუტატი 2011 წელს გავხდი. 2008 წლიდან, როდესაც საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მიიღეს, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში არ ჩავსულვარ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ნიშნად. ამას გარდა, დუმის დეპუტატის, გავრილოვისგან განსხვავებით, რომელიც იმ პარტიას წარმოადგენს, რომელმაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, მე არ დავმჯდარვას საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში და როგორც გვახსოვს, საქართველოს ხელისფლება ამ დეპუტატის იქ ყოფნით ბედნიერი იყო”, – ამბობს გუდკოვი.

რუსი ოპოზიციონერის თქმით, მისი დეპორტირება საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო კიდევ ერთი გზა, რომ “პუტინისთვის თავი მოეწონებინათ”.

“მესმის, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პუტინს მოაწონონ თავი. სააკაშვილის დაპატიმრება არ კმარა, კიდევ სხვა რიტუალური ჟესტებიც არის საჭირო როგორც ჩანს იმისთვის, რომ ფინანსური დახმარება მიიღონ მომავალ არჩევნებზე. მაგრამ ისე მაინც უნდა ისწავლო ტყუილის თქმა, რომ სასაცილოდ არ გამოჩნდეს”, – ამბობს გუდკოვი და ქართველ ხალხს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის პატივისცემას უდასტურებს – “პატივს ვცემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც ვატივს ვცემ ქართველ ხალხს და მათ მისწრაფებას ევროპისკენ”.

ცნობისთვის, გუდკოვმა, რომელიც ამჟამად კიევში ცხოვრობს, საქართველოდან დეპორტაციამდე განმარტა, რომ ის ქვეყანაში აქტივისტებთან და ოპოზიციონერებთან შეხვედრებს აპირებდა.

 

იტვირთბა....