ახალი ამბები კორონავირუსი

რომელია ომიკრონისთვის დამახასიათებელი ყველაზე მძიმე სიმპტომი – ჩხაიძის რჩევები მშობლებს

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის თქმით, ომიკრონით ინფიცირებული ბავშვების უმეტესი ნაწილი ბინაზე უნდა მკურნალობდეს.

ჩხაიძე აღნიშნულის მიზეზად ომიკრონის მსუბუქ მიმდინარეობას ასახელებს და განმარტავს, რომ ტემპერატურის მატება მშობლების მხრიდან პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს.

“ბავშვებთან დაკავშირებით ომიკრონის კლინიკური ნიშნები და მათი მიმდინარეობა ნამდვილად არ განეკუთვნება მძიმე მიმდინარეობას, განსხვავებით დელტა ვარიანტისგან. ეს არის ცემინება, ყელის ტკივილი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, თავის ტკივილი და შესაძლოა იყოს ტემპერატურის მატებაც. ასევე შესაძლებელია გულის რევა, წელის ტკივილი, ოფლიანობა. ეს სიმპტომები, რომელიც მე ჩამოვთვალე არ განეკუთვნება მძიმე კატეგორიას. ძალიან დიდი რაოდენობა ბავშვების ჰოსპიტალიზაციის განპირობებული ტემპერატურის მატების გამო გამოწვეული შიშით”, – აცხადებს ჩხაიძე “ფორმულასთან” საუბრისას.

როგორც მედიკოსი აღნიშნავს, სახლში ბავშვები ზედმეტი პანიკისგან დაცულები არიან და ყველაზე მძიმე სიმპტომი, რომელიც ომიკრონს ახასიათებს სამდღიანი მაღალი ტემპერატურაა.

“38-38.5 ტემპერატურა სამი დღის განმავლობაში არის ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება რომ ომიკრონს ახასიათებდეს. ხშირად ვამბობ და კიდევ ვიმეორებ, ტემპერატურის მატება არ უნდა გახდეს პანიკის საფუძველი და კლინიკაში გადაყვანის აუცილებელი მანიშნებელი. შეგვიძლია ვმართოთ ბინაზე, სიცხის დამწევი საშუალებები არსებობს, სითხეების მიღებაზე, ყოველთვის ვამბობთ, რომ კომფორტული პირობები,, რომელიც სახლში შეიძლება შეუქმნან ბავშვებს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. სახლში ბავშვები ზედმეტი პანიკისგან დაცულები არიან. კლინიკაში გადაყვანის საკითხი უმჯობესია გადაწყვიტოს ექიმმა, ამაში სანერვიულო არაფერი არ არის. იმდენად დიდია ინფიცირების მაჩვენებელი, რომ ვერცერთი ქვეყნის რესურსი ვერ გაუძლებს”, – აცხადებს ჩხაიძე.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 320 შემთხვევა დაფიქსირდა.

იტვირთბა....