ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხვალიდან ოფიციალურ გვერდზე პატიმართა წერილები გამოქვეყნდება:
„მე გადავწყვიტე, რომ ხვალიდან ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება პატიმრების რამდენიმე წერილი, სადაც ბოლო პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ფაქტებზეა საუბარი. ისინი ეხება შეწყალების კომისიის უსამართლო საქმიანობას, ამ წერილებს გამოვაქვეყნებთ და ყველა დააკვირდება რამდენად დიდია პროტესტი პატიმრების მხრიდან შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების მიმართ. საქმე ეხება პირად საკითხებს, როგორ უსამართლოდ იღებს გადაწყვეტილებას ეს კომისია, ყვებიან საკუთარ ისტორიებს და ა.შ. ამ წერილებს გავასაჯაროებ, რომ არ ჩათვალოს ბატონმა ქორიძემ, რომ ჩვენს მიერ გაგზავნილი წერილები არის ზეწოლის მატარებელი, ყველა გაეცნობა რატომ ვგზავნით წერილებს იმ კომისიაში. დაახლოებით, 34 ათასი წერილი და საჩივარი გვაქვს განხილული. ყველა რეკორდი მოვხსენით.
ელისაშვილთან დაკავშირებითაც არის წერილები. მათ შორის არის ისიც, რომ ვიღაცის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება პატიმრებმა მიიჩნიეს უსამართლოდ, მათ შორის ისიც, რომ მათ მიმართ გადაწყვეტილება მიიღეს უსამართლოდ და ა.შ. საზოგადოებამ შეაფასოს როგორ მუშაობს ეს კომისია. ელისაშვილის მიმართ სხვა ეჭვებიც არსებობს, მისი სტანდარტით ვერ ვიმოქმედებ, უაპელაციო ბრალდებებს ვერ დავიწყებ, მაგრამ არის ბევრი ეჭვი, რომ ის თავად არის კორუფციულ სქემებში ჩართული, ეს ინფორმაციები სხვადასხვა წყაროდან ჩვენ გვაქვს მოწოდებული და შესაბამის უწყებებსაც აქვს“, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
პარლამენტის დეპუტატის მტკიცებით, ამ საქმეში ჩართულია პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” რამდენიმე წევრი და ირიბად – საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.
მოგვიანებით, კომენტარი თავად ელისაშვილმაც გაკეთა. მისი თქმით, ეს არის გამოგონილი ზღაპრები ზღაპრები.
“რაც უნდათ ის გამოაქვეყნონ… მე მთელი ჩემი ცხოვრება ხელფასის მეტი არასოდეს არაფერი ამიღია” – განაცხადა ელისაშვილმა.