გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პარტნიორებს მოუწოდა, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე, მათ შორის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებით.
ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სტარმერმა ჰელსინკიში, ერთობლივი საექსპედიციო ძალების (JEF) ლიდერების სამიტზე განაცხადა, რომ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება დღის წესრიგის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
მისი თქმით, ევროპელებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა უნდა გააგრძელონ და ხელი უნდა შეუწყონ შეიცვალოს ნარატივი, თითქოსდა რუსეთის გამარჯვება გარდაუვლია.
„რეალობა ადგილზე ისაა, რომ უკრაინა მტკიცედ დგას. ბოლო კვირების განმავლობაში მათ ტერიტორიები დაიბრუნეს და დამპყრობლებს საშინელ ფასს აკისრებენ. ამიტომ, რასაც არ უნდა ეუბნებოდეს პუტინი საკუთარ თავს ოთხი წლის შემდეგ, სიმართლე ისაა, რომ რუსეთი არ იმარჯვებს. ისინი ვერ გაიმარჯვებენ და უნდა შეწყვიტონ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი გზის დაბლოკვა“, – აღნიშნა სტარმერმა.

