საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. ზარქუას შეფასებით, ხაბეიშვილმა დღეს ტყუილი თქვა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცადა.
“იმედი მქონდა, რომ რადიკალური ოპოზიცია რომ შემოვიდა დარბაზში, ცოტა აქცენტს გააკეთებდა ოდნავ მაინც სიმართლენარევ თემებზე. დღეს ახლა “ხაბემ” რეკორდი მოხსნა სიცრუის ტირაჟირებაში. ისე გამაოცა რომ, აგერ, გაოგნებული მიყურებდა ქალბატონი ელისო (ბოლქვაძე) და ვკითხე, დღეს პირველი აპრილი ხომ არ არის-მეთქი. ახლა აქ თქვა ვაჟბატონმა ხაბეიშვილმა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგად გაიზარდა ტარიფებიო. დღეს მისი პარტიის ტელევიზიაც დარბოდა მეტროებში, პენსიონერს მიეჭრნენ, მზად ხართ თუ არა, თვეში 150 ლარი გადაიხადოთო. სინამდვილეში როგორ არის – დღეს ვერცერთ ყვითელ ავტობუსს თუ “მარშუტკას” ვერ ნახავთ, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” სიმბოლო იყო. დღეს გვაქვს სისტემა შექმნილი, სადაც უსინათლოები, სკოლის მოსწავლეები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, შშმ პირები, ზოგი უფასოდ დადის, ზოგი 10-თეთრიანი ტარიფით. ხოლო დანარჩენებს ლურჯ “მარშუტკებშიც” შეუძლიათ თავიანთი მეტრომანებით ერთხელ რომ გადაიხდიან, მთელი 90 წუთის განმავლობაში ისარგებლონ. დღეს მიეჭრნენ მოსახლეობას და აქვთ მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
მეორე თემა, რაც წამოიწყო, უტიფრობაა – გამოვიდა და რომ გაზარდეთ ტარიფები, ხალხს ძალიან უჭირსო. ვინმემ უთხარით, პარტიაში ვინმე არ დარჩით ადეკვატური კაცო? – პრემიერის გადაწყვეტილებით, შუქზე გაზრდილი ტარიფი სუფსიდირებულია მთელი წლის განმავლობაში. ჩვენს მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხო, ვინც ყველაზე გაჭირვებულია. გადაეცით ამ ადამიანს, ან უმალავთ, ან მთლად ეგეთიც არ არის, ჭკვიანი ბიჭი ჩანს ზოგჯერ. მესამე მიმართულება, აქ ტყე აჩუქესო. დროში აირია ეტყობა, მოიკითხე აბა, შენი ბელადი როგორ ჩუქნიდა ხოლმე ერთ ლარად თავის პარტიულ მუშაკებს ხან ტერორისთვის, ხან პარტიული დავალების კარგად შესრულებისთვის. მეოთხე ტყუილი კიდევ, რაც თქვა, რვა სართულიანი კორპუსი აშენდაო, კალაძემ მისცაო. ხაბე, აგერ მოგცემ, ჯიგარო შენ რომ მუშაობდი მერიაში, სადაც ხელფასთან ერთად პრემიას, დანამატს იღებდი, შენმა მერმა, უგულავამ გადასცა ეს მიწა, 366 კვადრატი დიახ, 2010 წელს გაყიდა რეკრეაციული ზონა. ახლა გამოდი და თქვი სიმართლე, თუ მე ტყუილი ვთქვი, მაშინ ბოდიშს მოვიხდი და წავალ პოლიტიკიდან, თუ არადა შენ ადექი და წადი პოლიტიკიდან, შე მასხარა. არ შეგარჩენ არცერთ ტყუილს. ტყეს ხმალამოღებით სატყეო ზონა საერთოდ გამქრალი გქონდათ, 158 ჰექტარი დაუბრუნეთ თბილისელებს. ბიჭო, ცოტა მოდი ადეკვატურობაში, მაინც გული მწყდება, ოთხი წელი საკრებულოში იყავი, მაინც არაფერს არ აკეთებდი, მაგრამ აქ ცოტა ადეკვატურობასთან იყავი”, – მიმართა ზარქუამ ხაბეიშვილს.