“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე იმ კორუფციულ გარიგებებზე ისაუბრა, რომლებსაც მისი მტკიცებით, დღეს ქვეყანაში აქვს ადგილი. ხაბეიშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ინფლაციაა, ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ.
“თითოეული თბილისელისთვის დღეს მგზავრობის გადასახადი გაძვირდა და 50 თეთრიდან გახდა ლარი. თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის 2022 წელს გაძვირდა ელექტროენერგიის ტარიფი და ეს უკვე აისახა მათ ქვითრებზე, ამასობაში გაძვიდა დასუფთავების გადასახადი იურიდიული პირებისთვისთვის, რაც დამატებით პრობლემად დააწვება კონკრეტულად ბიზნესსაც და შემდეგ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სერვისებით სარგებლობენ. გაძვირებულია საწვავი, გაძვირებულია პირველადი მოხმარების პროდუქტები. ფაქტობრივად, ყოველდღიურად ძვირდება ამ ქვეყანაში ცხოვრება და ამასობაში, რითია მთავრობა დაკავებული? – ეს არის პრემიერ-მინისტრის სასახლე ბაკურიანში და ნუნუ თამაზაშვილისთვის გადაცემული ტყე; რომ თურმე, ნუნუ თამაზაშვილი ტყეს შეუნახავს ჩვენს ქვეყანას. უმჯობესია ეს ქონება დაუბრუნდეს ისევ სახელმწიფოს და ეს იჯარა მოხსნათ, ეს იქნება გონივრული ნაბიჯი და არა ის, რომ როგორმე გაამართლოთ ეს კორუფციული გარიგება.
ამასობაში შეგახსენებთ, რომ ეს სასახლეც უკანონოდ არის თავის დროზე აშენებული, რაც დაადასტურა ნუნუ თამაზაშვილის ძმამ, რომელმაც თქვა, რომ ეგ სარეკრეაციო ზონაა და მანდ მშენებლობა არ შეიძლებაო. დიახ არ შეიძლება აქ მშენებლობა, მაგრამ ხედავთ, რომ ასეთი კარგი სასახლე აქვს წამოჭიმული პრემიერ-მინისტრს. ეს კი, გეცნობათ ალბათ, არის საბადურის ტყე, ეს უკვე სემეკის თავჯდომარის, დავით ნარმანიას და მისი მეუღლის მონაგარია. აქ უკვე დოკუმეტზე წერია, რომ ოთხი მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო და ლარიც არ აქვს დახარჯული, ამიტომ უზრუნველყავით კანონიერად ამ ქონების დაბრუნება მოქალაქეებისთვის”, – აცხადებს ხაბეიშვილი.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ამ ქვეყანაში ყველაფრის სათავე ბიძინა ივანიშვილია.
“არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის გარეშე სხდომის გახსნა, რომელიც არის მთავარი უკანონობის და კორუმპირებულობის შემომტანი და სანამ ტყეებს ითვისებენ ღარიბაშვილი და ნარმანია, ამასობაში უკანონოდ ჩადგა ბიძინა ივანიშვილმა დედაქალაქში, ორბელიანზე შენობა, რომელზეც შემდეგ მთელმა საკრებულომ იმუშავა, რომ ლეგალიზება მომხდარიყო, ამასობაში გაგახსენებთ კიდევ, რომ რამდენიმე დღის წინ აფრიკაში და ორხევში კახი კალაზე თავს დაესხა მოსახლეობას და მინუს ხუთ გრადუს ყინვაში გამოყარა თავშესაფრიდან. დღეს ვიყავი კონკრეტულ ობიექტზე, სადაც დედაქალაქში სავაჭრო ცენტრი ააშენეს უკანონოდ ისე, რომ თქვენმა მერმა ვერ დაინახა. წარმოუდგენელია, არადა პირდაპირ წერია იქ, რომ სარეკრეაციო ზონაა, “მოდუსს” ვგლისხმობ კახეთის გზატკეცილზე, წერია რომ იქ მაგისტრალი უნდა გაკეთდეს“ – ამბობს ხაბეიშვილი.