ნიკა გვარამია რუსი ოპოზიციონერის, დიმიტრი გუდკოვის საქართველოს საზღვრიდან დეპორტაციას ფეისბუქზე ეხმაურება. როგორც გვარამია წერს, გუდკოვი ალექსეი ნავალნის შემდეგ ყველაზე მსხვილი ფიგურაა ანტიპუტინისტურ ფლანგზე და ის ჩვენს ქვეყანაში უკრაინის თემაზე სამსჯელოდ იყო ჩამოსული.
“რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციონერი, პრაქტიკულად, ნავალნის შემდეგ ყველაზე მსხვილი ფიგურა ანტიპუტინისტურ ფლანგზე, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთში დაადეპორტა, ისე, რომ თბილისის აეროპორტიდან არც გამოუშვა.
საგულისხმოა, რომ გუდკოვი კიევიდან ჩამოვიდა ქართველ კოლეგებთან უკრაინის ამბებზე სამსჯელოდ.
მოკლედ, რეზოლუციაში რუსეთს არ წერენ კი არა, მგონი იმის მადლობელიც უნდა ვიყოთ, რომ უკრაინას არ აბრალებენ საომარი მოქმედებების პროვოცირებას”, – წერს გვარამია.
ცნობისთვის, გუდკოვმა ფეისბუქზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ მესაზღვრეების განმარტებით, მისი დეპორტაცია ხელისუფლებამ გადაწყვიტა და მას კიევში უშვებდნენ, სადაც რუსეთის დატოვების შემდეგ ცხოვრობს.