თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიის მიმართ გამოსცა ბრძანება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ თურქული ღირებულებები უნდა დაიცვან.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ევრონიუსი” ავრცელებს.
როგორც ერდოღანი აცხადებს, კონტენტის კუთხით სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაიდგას და სატელევიზიო გადაცემებზეც კონტროლი დაწესდეს.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შაბათს ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებულ ცირკულარში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიზნად ისახავს თურქეთში ადაპტირებული უცხოური შინაარსის სატელევიზიო პროგრამების მავნე ზემოქმედების აღმოფხვრას და „თურქული კულტურის დაცვას“.
“ყველა სიფრთხილის ზომა იქნება მიღებული პროდუქციის წინააღმდეგ, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ოჯახზე, ბავშვებზე და ახალგაზრდებზე. ბავშვები და ახალგაზრდები დაცულნი იქნებიან „გარკვეული სიმბოლოებით გადმოცემული შეტყობინებებისგან“, – ნათქვამია ცირკულარში.
თურქეთის მედიის დამკვირვებელს, რადიოსა და ტელევიზიის უმაღლეს საბჭოს ან RTÜK-ს, უკვე აქვს ფართო უფლებამოსილებები და შეუძლია დააჯარიმოს ან გათიშვა უბრძანოს მედია საშუალებებს ან ტელეარხებს თურქული ღირებულებების დარღვევისთვის.
როგორც მედია წერს, დაჯარიმებას მიმართავენ ასევე ლგბტქ+ შინაარსის კონტენტის გავრცელების შემთხვევაშიც.
ცნობისთვის, თურქეთში რამდენიმე ხნის წინ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის ჟურნალისტი დააკავეს.