ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბლინკენი: აშშ-მ რუსეთს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი გაუგზავნა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მ რუსეთს უსაფთხიების გარანტიებთან და უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი გაუგზავნა. ბლინკენის თქმით, დოკუმენტი აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა რუსულ მხარეს პირადად გადასცა.

“ამერიკის პასუხი რუსეთს სერიოზული დიპლომატიური წინსვლის გზას სთავაზობს”, – ამბობს ბლინკენი და დასძენს, რომ მზად არის, შემდგომი დისკუსიები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან უახლოეს დღეებში გამართოს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით, მათ საპასუხო წერილში პრინციპული და პრაგმატული შეფასებაა გამოთქმული რუსეთის მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე, მისი საზღვრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

“ჩვენს მიერ გაგზავნილ დოკუმენტში გამოხატულია აშშ-ს, ჩვენი მოკავშირეების და პარტნიორების შეშფოთება რუსეთის მოქმედებებით, რომლებიც ძირს უთხრიან უსაფრთხოებას; ასევე, გამოთქმულია პრინციპული და პრაგმატული შეფასება რუსეთის მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე და ჩვენი პირადი შეთავაზებები იმ სფეროებზე, რომლებთან დაკავშირებითაც საერთო ენის გამონახვა შეგვიძლია”, – აცხადებს ბლინკენი.

შეგახსენებთ, რუსეთი მოითხოვს, ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდეს და ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავისი ძალები გაიყვანოს ბულგარეთიდან და რუმინეთიდან.

 

 

იტვირთბა....