31 წლის ბოსტონელი მამაკაცი, რომელიც გულის გადანერგვის მოლოდინში საავადმყოფოში წევს, ტრანსპლანტაციის მომლოდინეთა სიიდან მას შემდეგ ამოიღეს, რაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ უცხოური მედია მამამისის, დევიდ ფერგიუსონის მონათხრობზე დაყრდნობით წერს.
“ეს (ვაქცინაცია) ჩემი შვილის ძირეულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. მას ამის არ სჯერა და იმის გამო, რომ ინექციის გაკეთებაზე უარი განაცხადა, გულის გადანერგვის მომლოდინეთა სიიდან ამოიღეს”, – ამბობს პაციენტის მამა.
როგორც “ფოქს ნიუსს” იმ საავადმყოფოში განუცხადეს, სადაც პაციენტი ამ დრომდე რჩება, მათი პოლიტიკა აშშ-ში არსებული ტრანსპლანტაციის სხვა პროგრამებისგან არ განსხვავდება და ვაქცინაცია ის აუცილებელი მოთხოვნაა, რომელსაც გულის გადანერგვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს.
“ჩვენი საავადმყოფოს მიზანია, მაქსიმალურად გავზარდოთ წარმატებული ოპერაციის ჩატარებისა და ასევე, ტრანსპლანტაციის შემდეგ, პაციენტის გადარჩენის შანსები”, – აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.
დი ჯეი ფერგიუსონი შვილთან ერთად.