ახალი ამბები პოლიტიკა

იონათამიშვილი შშმ პირის ცემაზე: სამაგალითო საქმე იქნება, რომ ვერავინ გაბედოს ჩვენს ქვეყანაში ძალადობა, მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ისნის მეტროსადგურში პოლიციელის მხრიდან შშმ პირის ცემის ფაქტი იქნება სამაგალითო საქმე, რომ ჩვენს ქვეყანაში ვეღარავინ გაბედოს მოქალაქეზე, მით უმეტეს, სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანზე ძალადობა.

“სამაგალითო საქმე იქნება, რომ ვერავინ გაბედოს ჩვენს ქვეყანაში ძალადობა ვერც მოქალაქეზე, მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანზე. ასევე ვერავინ გაბედოს, გულგრილად უყუროს ნებისმიერი დანაშაულისა და ძალადობის ფაქტს”, – ავრცელებს საქართველოს პირველი არხი იონათამიშვილის კომენტარს.

მას შემდეგ, რაც შშმ პირის ცემის კადრები მედიაში გავრცელდა, მომხდარზე ორი პოლიციელი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდება აქვს წაყენებული, მეორე პოლიციელი კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით არის დაკავებული.

იტვირთბა....