ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: აუცილებელია, ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია, იყოს ათვისებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის მიზანია, რეგიონებსა და სოფლებში უფრო აქტიურად წარიმართოს ვაქცინაციის პროცესი და დღეისთვის ხელმისაწვდომი ვაქცინები სრულად იქნეს ათვისებული. ღარიბაშვილის თქმით, ამას ემსახურება წამახალისებელი კამპანიების ჩატარება და 50 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დანამატის დაწესება.

“მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. მე და ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა ვისაუბრეთ და ჩვენი სურვილია, გაფართოვდეს ვაქცინაცია. ზოგადად, რეგიონებსა და სოფლებში გვინდა უფრო აქტიურად და ინტენსიურად დავიწყოთ ვაქცინაცია. მოსახლეობას შევახსენებ, რომ პირველივე ჯერზე, 50 წლის ასაკის ზემოთ ჩვენ 200-ლარიან წამახალისებელ დანამატს ვუხდით მოქალაქეებს. გვინდა, ეს პროცესი უფრო გავაფართოოთ და სოფლებში ჩავიტანოთ ვაქცინები. იმის მიუხედავად, რომ ვუსმენთ რა ექიმებს და მეცნიერებს, „ომიკრონი” საკმაოდ სუსტად მიმდინარეობს, მაინც საფრთხე მაღალია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ასაკშია და ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, ამიტომ აუცილებელია, ამ ჯგუფებზე გაკეთდეს მეტი აქცენტი და სწორედ 50 წლის ასაკის ზემოთ წამახალისებელი კამპანიები ჩავატაროთ, 200-ლარიანი დანამატი გადავუხადოთ და ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია, იყოს ათვისებული”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

ღარიბაშვილის თქმით, დღეისთვის, სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის შემცირების კუთხით ქვეყანაში დადებითი ტენდენციაა.

“ბოლო დღეების მანძილზე ტესტირებით გამოვლენილი იქნა დაინფიცირებულთა საკმაოდ მაღალი დღიური ციფრი, თუმცა სიკვდილიანობა 1.4%-ია, რაც საკმაოდ დაბალია და კლების ტენდენცია ამ კვირაშიც ნარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, მიუხედავად ახალი შემთხვევების გამოვლენილი მზარდი დინამიკისა, ეს ჯერჯერობით არ ასახულა ჰოსპიტალურ სექტორზე და ზეწოლა ძირითადად ლაბორატორიულ და პირველადი ჯანდაცვის, ამბულატორიული ქსელის დონეზეა. ჩვენ ვაკვირდებით პროცესს”, – აცხადებს პრემიერი.

იტვირთბა....