“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პოზიცია უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გულისხმობს.
ამის შესახებ კობახიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ყველას გვაინტერესებს, როგორ წარიმართება მოვლენები პირველ რიგში, უკრაინის გარშემო და მოსაზრებები გავცვალეთ. ჩვენი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე არის ძალიან მკაფიო. პარლამენტი თავის პოზიციას დააფიქსირებს. ჩვენს პოზიციას ალტერნატივა არ აქვს, ეს არის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია. რაც შეეხება გამოხატვის ფორმებს, ამაზე შევჯერდებით. რა თქმა უნდა, კონსულტაციები გვექნება სხვა პოლიტიკურ პარტიებთან.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს. იმედი მაქვს, მოვლენები დადებითი სცენარით განვითარდება და ამაში დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულონ საკვანძო როლი. არის პერსპექტივა, დანარჩენი დამოკიდებულია პირველ რიგში, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალისხმევაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, აგრესია არის რისკების შემცველი და არ შეიძლება, მას უფრო ფართო გავლენა ჰქონდეს რეგიონზე. აქედან გამომდინარე, იმედია, პროცესები სწორი მიმართულებით წარიმართება“, – ავრცელებს “პირველი არხი” კობახიძის კომენტარს.