საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იორდანიის მეფემ და პრინმა საქართველოს მდინარე იორდანიასთან გადასცეს მიწა, რომელზეც პატრიარქის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ წირვას დაესწრო.
“ჩემთვის დიდი პატივია, ჩვეს მოსახლეობას ვაცნობო ფრიად სასიხარულო ამბავი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილენი ვართ. მისი უდიდებულესობა იორდანიის მეფის, აბდულა მეორისა და მისი უმაღლესობა პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. 300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ყველა ქართველისთვის ეს სასიხარულო მოვლენა შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.