რუსეთის საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს და ამერიკას მოუწოდებს, უარი თქვას უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი იარაღით მომარაგების გეგმის განხორციელებაზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთი არსად შეჭრას არ აპირებს და აშშ-მა “ისტერიკები უნდა შეწყვიტოს”.
“ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჩვენს ქვეყანას ნებისმიერ დროს შეუძლია მეზობელ სახელმწიფოში შეჭრა, მათ შორის ბელარუსის ტერიტორიიდან. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობთ – რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს. საკუთარ მიწებზე მებრძოლების გადაადგილების პრაქტიკა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა. მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ ისტერიკები და დაძაბულობის ესკალაცია დონბასთან დაკავშირებული პრობლემის ირგვლვლივ. რაც მთავარია, არ უბიძგოთ “ცხელ თავებს” კიევში ახალი პროვოკაციებისკენ.
თუ შეერთებული შტატებს მართლა სურს დიპლომატიური ძალისხმევის გაწევა უკრაინის შიდა კონფლიქტის გადასაჭრელად, უარი უნდა თქვას ქვეყნის შეიარაღებული ძალების ახალი იარაღით მომარაგების გეგმაზე. ამის ნაცვლად, მართებული იქნება, ვაშინგტონმა უკრაინის ხელისუფლებაზე თავისი გავლენა გამოიყენოს იმისთვის, რომ ისინი მინსკის შეთანხმების საბოტაჟის შეწყვეტაში დაარწმუნოს”, – წერია განცხადებაში.