აბესაძის ქუჩაზე ხანძრით დაზარალებულები დღეს გაჩენილი ხანძრის უკან თბილისის განვითარების ფონდის ინტერესებს ხედავს. ადგილობრივები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას ხელისუფლებას და პრადად ქალაქის მერს დავით ნარმანიას უყურადღებობაში სდებენ ბრალს.
„მიზანმიმართულად გვანგრევს განვითარების ფონდი, 2 წელია ვებრძვით მათ. მივწერე წერილობით – ნუ მოკიდებთ სახლს ხელს, იმიტომ რომ ჩვენი არის ავარიული სახლი და ამას ვერ გაუძლებს. მომწერეს პასუხად, რომელიც შენახული მაქვს, რომ ამ სახლის მდგრადობაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს. მივედი ნარმანიამდე, რომელმაც მიპასუხა, რომ ბიუჯეტში ფული არ გვაქვსო. არ ვიცი ნარმანია რისთვის მუშაობს იქ, თუ ხალხისთვის არ არის, მაშინ რისთვის არის საკუთარი ჯიბისთვის?“ – განაცხადა ერთერთმა მოქალაქემ.
ცეცხლი აბესაძის ქუჩაზე წყალგაყვანილობის მილებს გაუჩნდა და საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.
შეგახსენებთ,ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი 2010 წელს შეიქმნა. თბილისის მერიასთან არსებული ფონდის მიზანია ქალაქის, მათ შორის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია-გამაგრების მიზნით სტრატეგიის შემუშავება, კონკრეტული პროექტების დაგეგმვა, მისი განხორციელება და შესრულებაზე კონტროლი.