საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცის გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო და არა თვითმკვლელობა.
“პირველ რიგში, მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს შეიძლება, რაიმე კავშირში იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა, რაც სამწუხაროდ, მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა და ჩემი თხოვნა იქნება, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან“, – “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამის შესახებ აზარაშვილმა ყოფილი სანატორიუმის შენობიდან ერთ-ერთი დევნილი მამაკაცის გადმოხტომისა და გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
მინისტრის განცხადებით, დევნილთა დაკმაყოფილება დასახულ ვადებში, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოხდება.
“რაც შეეხება დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით, მინისტრობის პირველივე დღიდანვე სამინისტროში კონსულტაციები იმართება. გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა, როგორ უნდა უზრუნველვყოთ ბინით 13 ათასი დევნილი ოჯახი, დასახული გვაქვს პრიორიტეტები და ზუსტად ვიცით, რა გეგმებს უნდა მივყვეთ“, – ამბობს აზარაშვილი.
ცნობისთვის, სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები ხელისუფლებისგან ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. გუშინ, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ერთ-ერთი მამაკაცი შენობიდან გადმოხტომის შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ის დიდი ხნის განმავლობაში აპროტესტებდა ავარიულ შენობაში ცხოვრებას და ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვდა.