ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: ჩვენი სურვილია, თბილისსა და გონიოში შევქმნათ ფინანსური ზონები, რომლებიც ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში ფინანსური ცენტრების შექმნის თაობაზე რამდენიმე თვის წინ გამოთქმულ იდეასთან დაკავშირებით დღეს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“ჩვენი სურვილია, შევქმნათ საქართვლოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონები. ჩვენი ვარაუდით, მათი შექმნა და განვითარება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას და ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული ფინანსური ზონები თბილისსა და აჭარაში უნდა შეიქმნას.

“გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა – ერთი, რომ შეიქმნას თბილისის ფინანსური ცენტრი, რომელიც თბილისის ზღვასთან, სავარაუდოდ 110 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება ჩვენი სურვილისამებრ და ქვეყნის და რეგიონის გამორჩეული საქმიანი ცენტრი გახდეს აღნიშნული ადგილი. ანალოგიური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება აჭარაში გონიოს ტერიტორიაზე. გონიოში ჩვენ უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ.

სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ლიბერალურ რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. რაც მთავარია, ფინანსურ ზონებში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რაც მათ განსაკუთრებული პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას მისცემს”, – განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისის და გონიოს ფინანსური ცენტრების შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის და გამოცდილების მქონე კომპანიები, როგორიც არის მთავრობის მრჩეველი კომპანია Rothschild-ი. კომპანიის დელეგაცია ქვეყანას ერთ კვირაში ეწვევა და დაიწყება აქტიური მუშაობა.

იტვირთბა....