პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლაზე საუბარი იმიტომ დაიწყო, რომ დაფინანსება არ შეწყვეტოდა.
“კანონი მივიღეთ ყველამ, მეც დავუჭირე მხარი, რომ დეპუტატს, რომელიც მოხვდება პარლამენტში და ექვსი თვე არ შემოვა, შეუწყდება დაფინანსება. პირველი იანვრიდან შედიოდა ეს კანონი ძალაში და იმიტომ თქვა შევდივარო, რომ ეს დაფინანსება არ შეწყვეტოდა, თორემ ხალხი გაახსენდა, ქვეყანა გაახსენდა კი არა გამოვიდა და თქვა, ღარიბებს ავუკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობაო. ამას რომ იტყვი მემარცხენე პარტიის თავმჯდომარე. სინამდვილეში, იმ ღარიბმა ხალხმა და მდიდარმაც უნდა იცოდეს – იმიტომ შემოდის პარლამენტში, რომ პირველი იანვრიდან უწყდებოდა დაფინანსება. ერთადერთი, რაც მას ადარდებს, როგორც ჩანს, ესაა“, – განაცხადა ელისაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.
ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში გამოკითხვა დაიწყო და როგორც ამბობს, ხმის მიცემის შედეგების მიხედვით გადაწყვეტს, შევიდეს თუ არა პარლამენტში.