საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს და რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე.
როგორც საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ელჩი აღნიშნავს, საქართველო და აშშ-ს სხვა პარტნიორები გახდებიან ნატოს წევრები, როდესაც გაწევრიანების პირობები დაკმაყოფილდება.
“ამ კვირის განმავლობაში მსოფლიო აკვირდება მთელ რიგ მაღალი დონის დიპლომატიურ შეხვედრებს, რომელთა მიზანია რუსეთის ბოლოდროინდელ დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე და ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებზე რეაგირება. ჩვენ უკვე ვნახეთ დიდი რაოდენობით რუსული დეზინფორმაცია და მე მინდა მკაფიო აზრი გამოვთქვა რამდენიმე ძირითად საკითხზე:
ამერიკის შეერთებული შტატები პატივს სცემს თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს. რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება თქვენს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე.
ჩვენ არ ვაპირებთ, მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ, საქართველოს გარეშე. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოების უდიდეს ნაწილთან ერთად, გავაგრძელებთ მოწოდებას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია. ჩვენ, ასევე, მტკიცედ ვართ ერთგული ბუქარესტის დეკლარაციის განცხადების მიმართ: საქართველო და სხვა პარტნიორები გახდებიან ნატო-ს წევრები, როდესაც გაწევრიანების პირობები დაკმაყოფილდება“, – აცხადებს დეგნანი.