ახალი ამბები პოლიტიკა

სანაია: ივანიშვილი აშინებს და ეუბნება საზოგადოებას, ხომ ხედავთ, რა ხდება ყაზახეთში, ეს გინდათ?

ივანიშვილი ეუბნება საზოგადოებას, აი ხომ ხედავთ, რა ხდება ყაზახეთში, ეს გინდათ?, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში “ტვ ფორმულას” ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ დაწერა.

მისივე თქმით, სინამდვილეში ეს ყველაფერი დაიყვანება მარტივ ფორმულამდე – თუ დამიპირისპირდებით, რუსებს შემოვიყვან.

„რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში, ამ გზას მივყავართ სწორედ ყაზახური მოვლენებისკენ. და ამით გვაშანტაჟებს კიდეც. საზოგადოების ერთ ნაწილს აშინებს – აი ხომ ხედავთ, რა ხდება ყაზახეთში, ეს გინდათ ?! მეორე ნაწილს კი ეუბნება – აი რა ბრძნული პოლიტიკა მაქვს, ჩვენთან მშვიდობაა. ამიტომ გამეშვით და შემეგუეთ.

სინამდვილეში ეს ყველაფერი დაიყვანება მარტივ ფორმულამდე – თუ დამიპირისპირდებით, რუსებს შემოვიყვან. ამით დასავლეთსაც აშანტაჟებს. ამიტომაც ,,ეკაჩავებიან” მისი ხელქვეითები დასავლელ პარტნიორებს და დიდი გული აქვთ.

რუსეთს საქართველოსთვისაც აქვს კიდევ სხვა ,,დამაშნიე ზაგატოვკი”. შემთხვევითი არ არის, რომ ივანიშვილმა გზა გაუხსნა ყველაზე რადიკალურ რუსულ ძალებს ჩვენს ქვეყანაში. მოქმედების თავისუფლებაც მისცა და თანამშრომლობს კიდეც მათთან. ეს სადამსჯელო რაზმები დაკავშირებული არიან კიდევ ერთ პლაცდარმთან – საპატრიარქოში მოკალათებულ პრორუსულ ჯგუფთან. ივანიშვილი ხელს ვერ ახლებს ამ ჯგუფებს, რადგან ისინი პირდაპირ მოსკოვიდან იმართებიან. მათთან დაპირისპირება რუსეთის გაბრაზებას ნიშნავს, რასაც ვერ გაბედავს. ამიტომ თანამშრომლობას არჩევს. რეპეტიციაც ერთად გაიარეს 5 ივლისს.

ამიტომაა ივანიშვილის მმართველობა ძალიან სახიფათო. ამიტომაა აუცილებელი, დასავლეთი იყოს მკაცრი და პრინციპული საქართველოს საკითხში. ამიტომაა აუცილებელი, ოპოზიცია ჩამოყალიბდეს ძლიერ ალტერნატივად დასავლეთის თვალში. ხალხმრავალი და შეუპოვარი ბრძოლა მნიშვნელოვანია. ამასთან, სხვა რამეცაა გასაკეთებელი – დასავლეთმა უნდა დაინახოს, რომ სინამდვილეში ივანიშვილია დესტაბილიზაციის წყარო და არა ის ხალხი, მათ შორის ოპოზიცია, რომელიც მას უპირისპირდება.

ივანიშვილი პრობლემაა და დასავლეთი ახლა ამ პრობლემას აკონსერვებს, რაც დიდი შეცდომაა. მერე უფრო დიდ პრობლემად იქცევა, მაგრამ ისევ მივდივართ ძირითად საკითხთან – ოპოზიციამ ძალიან სწრაფად უნდა მოახერხოს და ყველას აჩვენოს, ყველა დაარწმუნოს – დასავლეთიც და მოსახლეობასაც, რომ ივანიშვილის რეალური ალტერნატივაა. თუ ამას შეძლებს, ასეთ შემთხვევაში ბრძოლის მწვავე ფორმები მისაღები კი არა, აუცილებელია.

პროტესტის ფორმები კი არაა პრობლემა, არამედ რაც შეიძლება სწრაფადაა შესაქმნელი ამ პროტესტის ფონი“, – წერს ვახო სანაია.

ცნობისთვის, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრის თანახმად, პროტესტის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, 400-მდე ჰოსპიტალიზებულია, ხოლო 60-ზე მეტი ინტენსიური მკურნალობის ქვეშაა.

ალმათის კომენდანტის ოფისის თანახმად, ქალაქში შეტაკებების შედეგად ყაზახეთის სამხედრო ძალების 18 წევრია დაღუპული, მათგან ორს კი დემონსტრანტებმა თავი მოკვეთეს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთში არეულობას 22 წლის ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამასთანავე ყაზახეთში ე.წ სამშვიდობო მისიით რუსული სამხედრო ძალები შევიდნენ.

იტვირთბა....