ახალი ამბები სამართალი

ლაშქარავას დედა: ლექსოს ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება ექნებოდა, რადგან 4 დღე სუფთა მორფინს უკეთებდნენ

ლექსოს ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება ექნებოდა, რადგან 4 დღე სუფთა მორფინს უკეთებდნენ, – აღნიშნულის შესახებ ლექსო ლაშქარავას დედამ, თინათინ კახიძემ „ტვ პირველთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აქვს განცდა, რომ მსგავსი დასკვნის გამოქვეყნებით მთავრობა 5 ივლისის გადაფარვას ცდილობს.

„სატირლად რომ არ მქონდეს საქმე სასაცილოა, სასაცილოა მისი ეს განაცხადი(იგულისხმება გეჯაძე). ლაბორატორიულად 6 თვე დასჭირდა ამ დასკვნის დადებას? ვიძახოდით, რომ ნარკოტიკული ნივთიერება ექნება მაგას ორგანიზმში, რადგან მორფინს უკეთებდნენ, ოთხი დღე სუფთა მორფინს უკეთებდნენ. რატომ გაიკეთა და იმიტომ, რომ არანორმალური ტკივილები ჰქონდა. მეტი სხვაგან არსად ლოყასთან ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები. 20 წელი ექსპერტიზაში ვმუშაობდი, ჩემი ხელმოწერილი დასკვნა მიდიოდა მეორე დღეს, რას მელაპარაკებიან. მრჩება განცდა, რომ 5 ივლისის  გადაფარვა სურთ“, – აცხადება ლაშქარავას დედა.

ცნობისთვის, დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ სამხარაულის დასკვნას ხელი 30 დეკემბერს მოაწერა და ის მას სრულიად ეთანხმება.

მისივე თქმით, მან ეს არ გაასაჯაროვა, რადგან უფლება არ ჰქონდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე ინფორმაცია მიეცა დამკვეთისთვის, ანუ ტელეკომპანიისთვის (იგულისხმება ტვ პირველი).

საგულისხმოა, რომ იუნესკომ გამოაქვეყნა სია, რომელშიც ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტად იყო მოხსენიებული.

ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კი ლევან სამხარაულის ექსპერტიზამ გაავრცელა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჟურნალისტი ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების გამო გარდაიცვალა.

იტვირთბა....