იუნესკო, არ არის საგამოძიებო ორგანო, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე, შალვა პაპუაშვილი იუნესკოს მიერ ლაშქარავას მოკლული ჟურნალისტების სიაში შეტანის ფაქტს.
მისივე თქმით, ეს საკითხი იუნესკოს სიაში ღია საკითხად არის მითითებული, სადაც მთავრობის მიმართ შეკითხვაა გამოგზავნილი და ელოდებიან პასუხებს.
„იუნესკო არ არის საგამოძიებო ორგანო, იცით, რომ ამასთან დაკავშირებით გამოძიება არის ჩატარებული, შესაბამისად პროკურატურა და შსს ამასთან დაკავშირებით გამოძიების შესაბამისად გააკეთებენ განცხადებებს. მე რამდენადაც ვიცი ექსპერტიზა დასრულებულია. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კვლავ ახდენენ ადამიანის სიკვდილით სპეკულირებას. ეს საკითხი იუნესკოს სიაში ღია საკითხად არის მითითებული, სადაც მთავრობის მიმართ შეკითხვაა გამოგზავნილი და ელოდებიან პასუხებს“, -აცხადებს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ სამხარაულის დასკვნას ხელი 30 დეკემბერს მოაწერა და ის მას სრულიად ეთანხმება.
მისივე თქმით, მან ეს არ გაასაჯაროვა, რადგან უფლება არ ჰქონდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე ინფორმაცია მიეცა დამკვეთისთვის, ანუ ტელეკომპანიისთვის (იგულისხმება ტვ პირველი).
საგულისხმოა, რომ იუნესკომ გამოაქვეყნა სია, რომელშიც ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტად იყო მოხსენიებული.
ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კი ლევან სამხარაულის ექსპერტიზამ გაავრცელა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჟურნალისტი ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების გამო გარდაიცვალა.