ლაშქარავას საქმეზე ექსპერტიზის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა გამოძიების მიმართ ნდობას ამცირებს, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
როგორც ტექსტში ვკითხულობთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ლექსო ლაშქარავას საქმეზე პერსონალური მონაცემების დარღვევით ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორს ერთხელ უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული.
„საია მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა, ასევე, დღეს არაპროპორციული მოცულობით ექსპერტიზის დასკვნის გავრცელება, ამცირებს გამოძიების პროცესის მიმართ ნდობას. აქვე აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ლექსო ლაშქარავას საქმეზე პერსონალური მონაცემების დარღვევით ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორს ერთხელ უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული. 2021 წლის 24 სექტემბერს სახელმწიფო ინსპექტორის გამოქვეყნებული დასკვნით დადგენილია, რომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვიდეო-ჩანაწერების გავრცელებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი და ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საგამოძიებო უწყებამ სამედიცინო დაწესებულებიდან ბრიფინგზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი აუდიო-ჩანაწერი მტკიცებულებათა მოპოვების და დამაგრების წესების დარღვევით მოიპოვა. განცხადებაში ასევე ითქვა, რომ ლექსოს შესახებ, ინტერნეტ სივრცეში არსებული მასალა შსს-ს საინფორმაციო ბაზაში (info.pol.ge) აღრიცხული ინფორმაციის იდენტური აღმოჩნდა, რის შემდეგაც საბოლოოდ დადგინდა, ლექსოს პერსონალური მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უკანონოდ დამუშავების ფაქტი“, – ნათქვამია განცხადებაში.
დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ სამხარაულის დასკვნას ხელი 30 დეკემბერს მოაწერა და ის მას სრულიად ეთანხმება.
მისივე თქმით, მან ეს არ გაასაჯაროვა, რადგან უფლება არ ჰქონდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე ინფორმაცია მიეცა დამკვეთისთვის, ანუ ტელეკომპანიისთვის (იგულისხმება ტვ პირველი).
ცნობისთვის, იუნესკომ გამოაქვეყნა სია, რომელშიც ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტად იყო მოხსენიებული.
ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კი ლევან სამხარაულის ექსპერტიზამ გაავრცელა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჟურნალისტი ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების გამო გარდაიცვალა.