ჩვენივე ექსპერტს არ უცნობებია ექსპერტიზის დასრულების და დასკვნაზე ხელმოწერის შესახებ, ეს ეჭვს ბადებს, – აღნიშნულის შესახებ ტვ პირველის დირექტორმა ვატო წერეთელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, ეს “დასკვნა” სასწრაფოდ შეთხზეს, უკანა თარიღით, მას შემდეგ, რაც იუნესკომ ლექსო მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.
„ლექსოს საქმეში ექსპერტი გეჯაძე დაიქირავა ტვ პირველმა, ხელშეკრულება გააფორმა ტვ პირველთან. ბატონი გეჯაძე ახლა ამტკიცებს რომ 30 დეკემბერს ლექსოს სიკვდილის მიზეზებზე ხელი მოაწერა სახელმწიფო ექსპერტიზის (სამხარაულის) საბოლოო დასკვნას, თუმცა ეს დასკვნა დამკვეთს დაუმალა!!!
დასკვნას ხელი მოეწერა 30’ში, არ გვითხრა არც იმ დღეს არც, 3, 4, 5, 6 იანვარს. ამ ფურცლის არსებობის ამბავი გავიგეთ გუშინ სამთავრობო მედიის ვებ გვერდიდან.
ჩვენთვის ჩვენივე დაქირავებულ ექსპერტს არ უცნობებია არც ექსპერტიზის დასრულების და არც დასკვნაზე ხელმოწერის შესახებ.
ეს ყველაფერი ბადებს გონივრულ ეჭვს რომ “დასკვნა” სასწრაფოდ შეთხზეს, უკანა თარიღით, მას შემდეგ, რაც იუნესკომ ლექსო მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა“, – აცხადებს წერეთელი.
დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ სამხარაულის დასკვნას ხელი 30 დეკემბერს მოაწერა და ის მას სრულიად ეთანხმება.
მისივე თქმით, მან ეს არ გაასაჯაროვა, რადგან უფლება არ ჰქონდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე ინფორმაცია მიეცა დამკვეთისთვის, ანუ ტელეკომპანიისთვის (იგულისხმება ტვ პირველი).
ცნობისთვის, იუნესკომ გამოაქვეყნა სია, რომელშიც ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტად იყო მოხსენიებული.
ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კი ლევან სამხარაულის ექსპერტიზამ გაავრცელა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჟურნალისტი ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების გამო გარდაიცვალა.