ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ჰეროინით ინტოქსიკაციაა – გეჯაძე სამხარაულის დასკვნას ეთანხმება

დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ სამხარაულის დასკვნას ხელი 30 დეკემბერს მოაწერა და ის მას სრულიად ეთანხმება.

მისივე თქმით, მან ეს არ გაასაჯაროვა, რადგან უფლება არ ჰქონდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე ინფორმაცია მიეცა დამკვეთისთვის, ანუ ტელეკომპანიისთვის (იგულისხმება ტვ პირველი).

“ყურადღება მივაქციეთ საზარდულის მიდამოებს – მარცხნივ ნანახი იქნა მკაფიოდ გამოხატული პოსტინექციული ძველი, ხანდაზმული ნაწიბური. ნაწიბურის ლოკაციაში, მარცხნივ, იყო ნაჩხვლეტი ჭრილობა, რომელიც ვიდეოზეც არის გადაღებული და ამის ფოტოილუსტრაციაც არის. ასევე, მარჯვნივ ნანახი იქნა საზარდულის ლოკაციაში სისხლჩაქცევა, ორივე კანის პრეპარატი გამოკვლეულ იქნა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური  მეთოდით სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების სპეციალისტების მიერ და მათ დადეს დასკვნა, რომ ხანდაზმულობა ერთ შემთხვევაში იყო მიღებიდან 1 საათის დროის ინტერვალის და მეორე შემთხვევა იყო 4 საათის დროის ინტერვალის, დაახლოებით.

30 რიცხვში საბოლოოდ მოვაწერე ხელი ამ დასკვნას. დამკვეთი იყო გამოძიება, შესაბამისად, სანამ გამოძიება არ გამოაქვეყნებდა ამ ინფორმაციას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მე უფლება არ მქონდა რაიმე ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთისთვის, ანუ ტელეკომპანიისთვის.

გავაანალიზე და შევისწავლე რა მთლიანად ეს მონაცემები ლაბორატორიული კვლევის და ა.შ. მივედი დასკვნამდე მე პირადად, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ჰეროინის მოხმარებით განპირობებული ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია, რამაც შედეგად განაპირობა გულსისხლძარღვთა მწვავე და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შესაბამისად, ამ ფაქტორების გათვალისწინებით დადგა სავალალაო შედეგი”, –  აცხადებს გეჯაძე.

ცნობისთვის, იუნესკომ გამოაქვეყნა სია, რომელშიც ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტად იყო მოხსენიებული.

ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კი ლევან სამხარაულის ექსპერტიზამ გაავრცელა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჟურნალისტი ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების გამო გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის შედეგად დაშავდა. 11 ივლისს კი დედამ ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა.

იტვირთბა....