„მაცხოვრის მოვლინებით თითოეული ჩვენგანის დაბადებას უდიდესი აზრი მიენიჭა, რადგან ამ დღიდან ყოველ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა, აღმსარებლობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა, მიეცა შესაძლებლობა, თავისი დაბადების დღე უკვდავყოს და იესოს ამქვეყნად შობა აქციოს ცათა სასუფეველში, მარადიულ ნეტარებაში, თავისი შობის განმსაზღვრელად. ამიტომაცაა ეს დღესასწაული ჩვენთვის დიდი ზეიმის, სიხარულისა და ბედნიერების მომნიჭებელი. ჩვენს მიწიერ ყოფაში დაცემაც და წამოდგომაც, წარმატებაც და წარუმტებელობაც მონაცვლობენ. თუ დიდი ტკივილი ან განსაცდელი შეგხვდათ, ადამიანთა ბოროტების, მტრობის, შურის, ღალატის მსხვერპლნი გახდით, გული არ გაიტეხოთ. მიიღეთ ეს, როგორც თქვენთვის სარგო მწარე, მაგრამ მაკურნებელი წამალი, მიიღეთ, როგორც თქვენგან გასავლელი გზის საჭირო მონაკვეთი, რომელიც აუცილებლად დასრულდება. თუმცა მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თქვენი გული და გონება როგორ უპასუხებს ასეთ გამოწვევებს. რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, მაგრამ არის საერთო განსაცდელებიც. მაგალითად, დღეს პანდემიაა ასეთი. ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით … მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე ყოვლად აუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც შევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია. მთავარია, სულიერი სიკვდილის, მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ. ყოვლადწმინდა სამებას ვავედრებ ჩვენგან წასულ ჩვენს სულიერ შვილებს, რომ შეიწყალოს ისინი და აცხოვნოს”, – ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.
იტვირთბა....