სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის
მთავრეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის
ილია II-ისა
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-
მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი
ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს
გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
„აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს,
და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს,
რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი“
(მთ.1,23; ეს.7,14)
დგება დღე შეუდარებელი, სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული არა
მარტო კაცობრიობის ისტორიაში, არამედ მთელი სამყაროს არსებობაშიც.
ის, რაც 2022 წლის წინ იერუსალიმის მახლობლად, ბეთლემის ერთ მიტოვებულ,
პირუტყვის თავშესაფრად გამოყენებულ გამოქვაბულში ზამთრის ცივ ღამეს
აღესრულა, ენითუთქმელი სასწაულია, – იშვა ემანუელი!
მანამდე ღმერთი კაცობრივად არ მოვლენილა. მსგავსი რამ სამყაროში არასოდეს
მომხდარა და არც მოხდება.
ეს არის დღე ცისა და მიწის, შემოქმედისა და ადამიანის ერთობისათვის გზის
გამკვალავი, ეს არის დღე უფალთან ჩვენი დიდი მშვიდობის, დიდი შერიგების,
დიდი სიხარულის დასაწყისისა.
გაცხადდა იაკობ მამამთავრის წინასწარმეტყველება: „წაერთმევა კვერთხი
იუდას… ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა“ (დაბ. 49,
10), რაც გულისხმობდა იმას, რომ, როდესაც ისრაელს აღარ ეყოლებოდა
კანონიერი მეფე იუდას ტომიდან, მაშინ მოევლინებოდათ ზეციური მეუფე.
მართალც, რომის იმპერიაში, მის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში,
იუდეაში, პირველი წარმართი და უცხოტომელი მეფის, იდუმიელი ჰეროდეს
მმართველობის ჟამს უცნაურმა ვარსკვლავმა და ანგელოზთა დასმა სამყაროს
ამცნო იესოს შობა.
ეს იყო უფლის მოწყალების და კაცობრიობის საუკეთესო ნაწილის მიერ ღვთის
განკაცების მრავალათასწლიანი მოლოდინის შედეგი.
ამ გზაზე იყო ებრაელთა ერის მრავალგზისი განდგომა ღვთისგან, გაუცხოება
ჭეშმარიტი რწმენისგან, შიში წარმართ დამპყრობელთა წინაშე და მათი
გავლენის ქვეშ მოქცევა…, მაგრამ იყო სინანულიც, ღვთისადმი თავგანწირული
ერთგულებაც და უფლისა და მოყვასისათვის მსახურების გამორჩეული
მაგალითებიც.
დიდი რყევებისა და სულიერი ქარტეხილების მიუხედავად, სინას მთაზე მოსე
წინასწარმეტყველისთვის მიცემული უფლის მცნებები ისრაელიანთა ღირსეულმა
მოღვაწეებმა დაიცვეს და მოამზადეს კაცობრიობა მაცხოვრის განკაცებისთვის.
და, აი, დავით წინასწარმეტყველის შთამომავალ ყოვლადწმინდა ქალწულ
მარიამისგან მოევლინა ამ ქვეყანას „ნათელი სოფლისა,“… ,,რომლისგან ყოველივე
შეიქმნა და მის გარეშე არც ერთი რამ იქმნა“ (ინ.1,3); მოევლინა, რათა კაცთა
მოდგმისთვის ეხარებინა:
„მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო
თქვენ;“ (მთ. 11.28)
„მე ვარ პური სიცოცხლისა, ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება“(ინ. 6.35);
„მე ვარ კარი ცხოვართა, ვინც შედის ჩემით, გადარჩება" ( ინ. 8,12);
„მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები, ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ განიგდება“
(ინ.15,5-6);
„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (ინ. 14,8).
– რას გულისხმობს, უფრო სწორად, რისკენ მოგვიწოდებს ეს სიტყვები?
– სინერგიისაკენ, – ღვთაებრივი და ადამიანური ნების შეერთებისა და
შერწყმისაკენ. ანუ იმისკენ, რაც უნდა იყოს ერთადერთი მთავარი აზრი და
მიზანი ჩვენი ცხოვრებისა; ყველაფერი სხვა კი, მასთან შედარებით, ამაოებაა.
ჩვენში რომ მოხდეს სინერგია, აუცილებელია, შევძლოთ საკუთარი თავისა და
ღმერთის, ჩვენი შესაძლებლობისამებრ, შეცნობა; ამისთვის კი უპირველესი
პირობა ის არის, რომ ადამიანი წმინდა ნათლობით შეუერთდეს ქრისტეს; ასევე,
ყოვლად აუცილებელია, თითოეულ ჩვენგანში მოხდეს პიროვნული შეხვედრა
ღმერთთან.
ეს აუხსნელი, ადამიანური ლოგიკისათვის მიუწვდომელი მეტად შთამბეჭდავი
მოვლენაა, რომელიც არავინ იცის, ვისთან და როდის აღესრულება. ისიც
შეიძლება, რომ არასწორად ვცხოვრობდეთ, ცუდად ვიქცეოდეთ, ღმერთზე
ფიქრსაც კი გავურბოდეთ, მაგრამ განსაცდელი, ან სხვა რამ შემთხვევა
გამოგვაფხიზლებს, თვალს აგვიხელს ჩვენი ცხოვრებისა და აზროვნების წესს
სრულიად შესცვლის და ჩვენი ნებითა და მონდომებით სიხარულით
მიგვმართავს ცხონების ვიწრო და ეკლიანი გზისაკენ.
* * *
დღეს სხვა დროა, იტყვის მავანი … ჩვენ სხვა სამყაროში შევაბიჯეთ და ის, რაც
ადრე იყო მისაღები და მოსაწონი, თანამედროვეთათვის მოძველებულია და
არაფრისმომცემი.
მართლაც, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც ინტერნეტმა მოიცვა
მსოფლიო, ახალი ერა დაიწყო. ტექნიკის სფეროში, თანამედროვე სამყაროში,
ახლა უკვე საოცარი პროგრესია მიღწეული, თუმცა თავი იჩინა ფრიად
სერიოზულმა გამოწვევებმაც, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ ყველანი
დედამიწის, როგორც უკვე ერთიანი საერთო სივრცის ნაწილნი, ყოფით
ცხოვრებას ან მკვეთრად გავიუმჯობესებთ, ან გადაულახავი დაბრკოლებების
წინაშე აღმოვჩნდებით.
გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს და იგი, ჩვენის აზრით, მხოლოდ ერთია:
ყველაზე მთავარი აქცენტი ყველას მიერ გადატანილი უნდა იქნას ადამიანზე და
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ წინა პლანზე წამოიწიოს იმ
ღირებულებებმა, რაც მას შემოქმედთან დააახლოებს; ზეადამიანად გახდომის
ამპარტავნული სურვილი კი დაღუპვის წინაპირობად გვექცევა.
,,სიცოცხლე ან სიკვდილი,“ – ამ არჩევანის წინაშე აღმოჩნდა დღეს ადამის მთელი
მოდგმა. ასეთი მასშტაბური და ყოვლისმომცველი ნაბიჯი მანამდე არ გვქონია
გადასადგმელი.
„აირჩიე სიცოცხლე,“ – მოგვიწოდებს მოციქული.
მორწმუნეთათვის ეს ნიშნავს მცნებების დაცვით უფლის მიმსგავსებას,
მაღალზნეობრივ პიროვნებად ჩამოყალიბებას, ნიშნავს ღვთის სადიდებლად
სხვისთვის ცხოვრებას, რათა შემდეგ ცათა სასუფევლის მკვიდრნი გავხდეთ და
მარადიულად ღმერთთან ვმყოფობდეთ.
ათეისტებისათვის კი ასეთი აზროვნება გაუგებარია და მიუღებელი, რადგან
ისინი ეყრდნობიან ფორმულირებას: მჯერა ის, რასაც ვხედავ და არ მჯერა იმის,
რაც უხილავია. ამიტომაც არც ღმერთის სწამთ, არც ჩვენი სულის არსებობის და
არც მისი უკვდავების; ამასთან, მიიჩნევენ რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი
მთავრდება, ამქვეყნიური კეთილდღეობის ნებისმიერი საშუალებით მიღწევას,
ხშირ შემთხვევაში, არ ერიდებიან.
* * *
მაგრამ, მორწმუნენი ვართ, თუ ურწმუნონი, როდესაც თუნდაც ამქვეყნიურ
ჩვენს უკეთეს მომავალზე ვფიქრობთ, აუცილებლად წამოიჭრება მრავალი
კითხვა, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ დავძლიოთ სიღატაკე,
უმუშევრობა, დევნილთა პრობლემები, როგორ აღვიდგინოთ ტერიტორიული
მთლიანობა? … მაგრამ, ასევე, წამოიჭრება სხვა კითხვებიც, რომლებიც მუდამ
აწუხებდა კაცობრიობას: რატომ დავიბადეთ? რატომ ვკვდებით? ვინ მოგვცა
სიცოცხლე? რა არის იგი? რისთვის ვართ მოწოდებულნი? …
რა თქმა უნდა, ორივე მიმართულებით გვმართებს ფიქრი, მაგრამ ამ ეპისტოლეში
იმ თემებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც სულიერ სფეროს მოიცავს და
ღვთისკენ სავალი გზების ძიებაში დაგვეხმარება.
* * *
ბიბლიის პირველივე თავიდან გაცხადებულია დიდი საიდუმლოებანი მცენარეთა,
ცხოველთა, ზღვის და ცის ბინადართა, ასევე, ღვთის მიერ სამყაროს შექმნის,
ადამიანის დაბადებისა და მისი დანიშნულების თაობაზე.
„მე ვარ ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული“(გამოცხ. 1.8), – ბრძანებს
მაცხოვარი.
„დასაწყისში იყო სიტყვა (ლოგოსი) და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო
ღმერთი … ყოველივე მის მიერ შეიქმნა, მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო
ადამიანთა ნათელი …“ (ინ I.1-4); ,,წყალობით მდიდარმა ღმერთმა … შეცოდებით
მკვდარნი გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად“ (ეფეს.2,4-5) და ,,ღვთის ძისადმი
რწმენით გვაქვს საუკუნო სიცოცხლე“ (I ინ. 5,13), – ვკითხულობთ "ახალ
აღთქმაში.
სიკვდილი კი ცოდვის შედეგია, რომელიც მის გარეშე არ არსებობს და მასზეა
დამოკიდებული.
„ცოდვის საზღაური არის სიკვდილი“ (რომ. 6,23), – ბრძანებს მოციქული. ხოლო
რადგან „გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და ამპარტავნება
ამქვეყნისაგან მომდინარეობს“ (I ინ. 2-16) და უფალთან კავშირი არა აქვს, ამ
წესით მცხოვრებნი თავისი ნებით შორდებიან სიცოცხლის, სიწმინდის,
სინათლის წყაროს, – ღმერთს და სულიერ სიკვდილს ექვემდებარებიან.
უფალთან ყოფნა კი ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვკვდეთ ცოდვისათვის, ანუ
დავძლიოთ ის გაუკუღმართებანი, ადამის დაცემის შემდეგ რომ შევიძინეთ.
ღმერთთან მიახლებაში, მხოლოდ განსწავლულობა და მეცნიერული პროგრესი
ვერ დაგვეხმარება; აუცილებელია სულიერი სიწმინდის მოპოვება, რადგან
„ღმერთი სულია და მის თაყვანისმცემლებს მართებთ სულითა და ჭეშმარიტებით
თაყვანისცემა“ (ინ. 4,24).
წმინდა მაკარი ეგვიპტელი წერს: როგორც სხეულს სხვა და სხვა ორგანო და
ფუნქცია აქვს, ასევე სულსაც აქვს სხვა და სხვა გამოვლინება და ფუნქცია.
სულის თვისებაა, მაგალითად: განსჯა, ნებელობა, სიყვარული, შემოქმედებითი
უნარი; სირცხვილის, მორიდების, თავმდაბლობის გრძნობა;
სიმართლისმოყვარეობა, მოწყალება, სინანული, სიბრალული, სიხარული… ისინი
ღვთივბოძებული ნიჭებია, რომლებიც ჩვენს შინაგან ადამიანს ქმნის.
ცოდვებით შებღალული, უფლის ნათელს მოკლებული სულის თვისებები კი
არის: ამპარტავნება, შური, კადნიერება, ღვარძლი, უსამართლობა …
ამ უნარებს სული ჩვენს გულსა და გონებაში ავლენს; ეს, რა თქმა უნდა, არ არის
მხოლოდ ანატომიური გული და ტვინი, მაგრამ სწორედ მათში ხორციელდება
ჩვენთვის გაუცნობიერებელი კავშირი სულთან და, ძირითადად, აქ იყრის თავს
ჩვენი შინაგანი განცდები.
რაც თვალია სხეულისათვის, ისაა გონება სულისათვის. გონებისაგან
მომდინარეობს აზროვნებისა და განსჯის შესაძლებლობა, გულში კი
მგრძნობელობითობა ვლინდება. თუმცა, რასაც ადამიანი გრძნობს გულით, იგი
გონებასაც მოიცავს.
და ამ დროს უნდა მოხდეს უმნიშვნელოვანესი რამ: გონებისა და გულის
გაერთიანება, „გონების ჩასვლა გულში" და გონების მიერ მისი წარმართვა. ასეთი
გული არის გული გონიერი. იგი საშუალებას არ აძლევს უკეთურ ფიქრებს
შემოიჭრან და ცოდვად იქცნენ; არამედ ფხიზელი გონებით უკუაგდებს მათ და არ
შეიწყნარებს. ამგვარი გული და გონება მიმართულია უფლისაკენ და ჩვენი
სწორი სულიერი ცხოვრების ცენტრი ხდება.
წმ. მამები წერენ: ძირითადად, ოთხი რამ იცავს სულს: ქველმოქმედება,
ურისხველობა, ჭირთა დათმენა, წყენის დავიწყება.
ძირითადად, ასევე, ოთხი რამ ვნებს მას: მოყვასის სიძულვილი, შური,
განკითხვა, მკვლელობა.
საერთოდ, გონება ადვილად იმღვრევა, მაგრამ მალევე იწმინდება ლოცვით,
წმინდა წერილის, წმინდათა ცხოვრებისა და მათი დარიგებების კითხვით.
გულის სიწმინდის მოპოვებას კი ხანგრძლივი სულიერი შრომა სჭირდება. ამის
მიღწევა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ადამიანის
წრფელი და განწმენდილი გული არის ის ადგილი, სადაც ღმერთი ივანებს.
ინებოს მაცხოვარმა, როგორც სრულიად საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში,
ეს სინერგია, ეს შეხვედრა ყველას გულში განხორციელდეს.
უფალს ჩვენი მონანული და მადლიერი გული უნდა შევაგებოთ და გავახაროთ.
საკუთარ ცოდვათა შემცნობი ადამიანი ფრიად სათნოა ღვთისთვის.
ძველ „პატერიკში" წერია:
ერთხელ შეწუხებულმა ხალხმა ღმერთს მიმართა:
-რატომ არის ამდენი მკვლელობა, გაუტანლობა, სიძულვილი, უბედურება?
– თქვენ ეს არ მოგწონთ? – ჰკითხა უფალმა.
– რა თქმა უნდა, არა, – იყო პასუხი.
და მიუგო: – მაშ, რატომ ომობთ, რატომ ბოროტმოქმედებთ, განიკითხავთ და
მძლავრობთ ერთმანეთზე?!
მართლაც,ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ნების, ჩვენი არჩევნის შედეგია.
რაოდენ უკეთესი იქნებოდა, ყველას ის გვეკეთებინა, რაც მოსაწონია
ღვთისთვის!
* * *
მაცხოვრის მოვლინებით თითოეული ჩვენგანის დაბადებას უდიდესი აზრი
მიენიჭა, რადგან ამ დღიდან ყოველ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა,
ეროვნებისა, აღმსარებლობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა, მიეცა
შესაძლებლობა, თავისი დაბადების დღე უკვდავყოს და იესოს ამქვეყნად შობა
აქციოს ცათა სასუფეველში, მარადიულ ნეტარებაში, თავისი შობის
განმსაზღვრელად.
ამიტომაცაა ეს დღესასწაული ჩვენთვის დიდი ზეიმის, სიხარულისა და
ბედნიერების მომნიჭებელი.
ჩვენს მიწიერ ყოფაში დაცემაც და წამოდგომაც, წარმატებაც და
წარუმტებელობაც მონაცვლობენ.
თუ დიდი ტკივილი ან განსაცდელი შეგხვდათ, ადამიანთა ბოროტების, მტრობის,
შურის, ღალატის მსხვერპლნი გახდით, გული არ გაიტეხოთ. მიიღეთ ეს, როგორც
თქვენთვის სარგო მწარე, მაგრამ მაკურნებელი წამალი, მიიღეთ, როგორც
თქვენგან გასავლელი გზის საჭირო მონაკვეთი, რომელიც აუცილებლად
დასრულდება. თუმცა მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თქვენი
გული და გონება როგორ უპასუხებს ასეთ გამოწვევებს.
რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, მაგრამ
არის საერთო განსაცდელებიც. მაგალითად, დღეს პანდემიაა ასეთი.
ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით,
სიკვდილიანობით … მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე
ყოვლადაუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც
შევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ
ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია. მთავარია,
სულიერი სიკვდილის, მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ.
ყოვლადწმინდა სამებას ვავედრებ ჩვენგან წასულ ჩვენს სულიერ შვილებს, რომ
შეიწყალოს ისინი და აცხოვნოს.
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ
თანამემამულეთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მყოფთ, საერთოდ,
ყველას, ვისთვისაც ძვირფასია შობის დღესასწაული და ვინც თავს ჩვენი
ეკლესიის შვილად მიიჩნევს, – გთხოვთ, იცხოვრეთ ერთმანეთისა და
სამშობლოსათვის.
ჩვენ, ღვთის განგებით, ერთ სივრცეში, ერთ პერიოდში იმიტომ მოგვიწია ყოფნა,
რომ ამ მოცემულობაში უნდა გამოვიცადოთ, უნდა შევძლოთ ღვთის
სადიდებლად „ურთიერთას სიმძიმე ვიტვირთოთ და ესრეთ აღვასრულოთ
სჯული იგი ქრისტესი“ (გალატ. 6.2).
ჩვენი დამოკიდებულება შვილებთან, მშობლებთან, და-ძმებთან, ახლო თუ
შორეულ ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან,
ნებისმიერ სხვა პიროვნებასთან, ისევე, როგორც ჩვენი დამოკიდებულება
სნეულთა, პატიმართა და გაჭირვებულთადმი, პირადი და საქვეყნო საქმისადმი,
გარდაცვლილი ახლობლებისა და წინაპრებისადმი, ცხოველებისა და
გარემოსადმი … უდიდესი გამოცდისა და პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს,
რადგან სადაც არ უნდა ვიყოთ და ვინც არ უნდა ვიყოთ, ყოველი ნაბიჯი ჩვენი
ცხოვრებისა, მნიშვნელოვანია.
ძნელია ასეთ დიდ სივრცეში იმოქმედო და შეცდომები არ დაუშვა. ჩვენი
ეგოისტური ,,მე“ ხომ მუდმივად უძებნის გამართლებას ჩვენს ცოდვებს, არასწორ
საქციელს … ამასთან, საკუთარ თავს ადვილად ვპატიობთ იმას, რაზეც სხვას
მკაცრად ვთხოვთ პასუხს. ხშირად კი, საერთოდაც ვერ ვხედავთ ჩვენს ცოდვებს.
უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი
თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი
სწორი სულიერი ხედვისთვის. მაშინ უკვე ღვთის შეწევნით, სინანულით,
აღსარებითა და ზიარებით ყველაფრის გამოსწორება და კეთილად წარმართება
იქნება შესაძლებელი.
თითოეულმა ჩვენგანმა ერთი წლის მანძილზე თუნდაც ერთი არასწორი ჩვევა ან
თვისება რომ აღმოვფხვრათ, რამდენად უკეთესი გახდება ცხოვრება! დაისახეთ
ეს მიზნად.
* * *
გაუფრთხილდით დროს!
დრო ძალიან ძვირფასია, თუ მისი საშუალებით ცხონებას მოვიპოვებთ;
დაკარგულ დროზე დასანანიც არაფერია, თუ იგი წარწყმედის მიზეზად გვექცევა
(ჩვენ კი ხშირად სწორედ ფუჭად გატარებული დროით ვხარობთ).
არდავიწყება გვმართებს იმისაც, რომ დროის მოთხოვნილებები, დროის სული
ცვალებადია; ხშირად იგი ცრუ იდეალებს გვთავაზობს და ბევრი შეჰყავს
შეცდომაში იმის მიუხედავად, რომ ხედავენ, რაც გუშინ სამაგალითოდ
ითვლებოდა, მას დღეს დასცინიან და რასაც დღეს აქებენ, ხვალ შეიძლება
დაიწუნონ.
სწორად მოიქცევი, თუ შეძლებ, იაზროვნო ისე და აკეთო ის, რაც მარადიული
ცხოვრებისთვის იქნება სარგებლის მომტანი.
ამიტომაც, ორიენტირად ღმერთი და მისი ღირებულებები აირჩიე, იგია მხოლოდ
უცვალებელი, ზედროული და ჭეშმარიტი. მიემსგავსე ლოტს, რომელიც ყველაზე
მძიმე გარემოში, სოდომში, ცხოვრობდა, მაგრამ უფლის მცნებას არ ღალატობდა.
ამას შენც შეძლებ, თუ მუდმივად უფალს დაეყრდნობი და მისი მცნებებით
იმოქმედებ. ეკლიანია ეს გზა, მაგრამ თან ახლავს სიხარული განსხვავებული,
რომელიც ყველა განსაცდელს, ყველა სირთულეს ადვილად დაგვაძლევინებს,
ზოგს შეუმჩნევლადაც, იმის მსგავსად, როგორც ჯანსაღ სხეულში შეუმჩნევლად
მიმდინარეობს სხვადასხვა ურთულესი პროცესი.
შენ ხარ მოწოდებული, რათა იყო შემოქმედის თვალშეუდგამი ნათლის
თანაზიარი; მთელი სამყარო, როგორც ცოცხალი წიგნი, შენს წინაშეა გადაშლილი
და ქადაგებს ყოვლადწმიდა სამების დიდებას. სიყვარულით გვიმზერს ბეთლემს
შობილი ყრმა იესო, თავისკენ გვიხმობს და მოგვიწოდებს:
აირჩიე სიცოცხლე, აირჩიე ნეტარი მარადიულობა!
ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, ასირიელნო,
სომეხნო, ებრაელნო, აზებაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო,
ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო შვილნო ივერიის ეკლესიისა, – იხარებდით,
რამეთუ ღმერთი გამოჩნდა დღეს ხორცით; აქებენ მოგვნი, მწყემსთა თანა
განკვირვებულნი, შობასა მისსა ქალწულისაგან და დიდებასა შესწირვენ
ანგელოზთა გუნდთა თანა (იოანე მტბევარი).
ჩვენც ანთებული სანთლით კრძალვით მივეახლოთ მას და სიხარულით
ღაღადვყოთ:
დიდება ძალსა შენსა, მხსნელო ყოველთაო!
დიდება და მადლობა შენდა, საღმრთოითა მადლითა სოფლისა აღმავსებელო!
დიდება შენდა, სასოებაო ჩვენო, დიდო მღვდელმთავარო, მეფეო და ღმერთო
ჩვენო!
თქვენთვის მარადჟამს სიყვარულით მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი