„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სააკაშვილის განცხადება ე.წ „შავი სიების“ შექმნასთან დაკავშირებით „ოცნებაში“ გულზე მოხვდათ.
მისივე თქმით, ეს სანქციები ჩინოვნიკების დასჯის ფორმაა და დროა ამერიკამ ამაზე სერიოზულად იფიქროს.
“პირველად, პოლიტიკური დევნის ორგანიზატორი მოსამართლეების, პოლიციელების, პროკურორების და სხვა სახელმწიფო მოხელეების “მაგნიტსკის სიის” მსგავსი “შავი სიის” შედგენის იდეა ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრებისას წარმოიშვა. შემდეგ, ხელისუფლების ანტიპიარის შედეგად ამ იდეამ ვერ შეისხა ხორცი. არა და, სულ ახლახან ჩაუკეტეს ამერიკის კარები უკრაინელ მოსამართლეს და პერსონალური სანქციები დაუწესეს სწორედაც რომ მსგავსი ქმედებების გამო.
მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება გულზე მოხვდათ “ოცნებაში”. გაუტკბათ კომფორტის ზონაში ყოფნა. რა უნდათ დემოკრატიულ დასავლეთში, იფრინონ სვერდლოვსკში და ნოვოსიბირსკში.
პერსონალური სანქციები არის ანტიდემოკრატიული რეჟიმების ჩინოვნიკების დასჯის ფორმა და დროა ევროპამ და ამერიკამ ამაზეც იფიქროს. როცა ხელისუფლების ძირგამომთხრელ ქმედებებზე აკეთებენ განცხადებას, ამ ძირის გამოთხრაში კონკრეტული პირები მონაწილეობენ დიდი ნიჩბებით ხელში. სავიზო და სხვა სახის შეზღუდვები მათი მოთვინიერების აპრობირებული ხერხია და გინდ შავი სია ერქვას და გინდ წითელი-ასეთი ნუსხა უნდა არსებობდეს. ყველა უნდა იცნობდეს იქ მოხვედრილ პირებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ”, – აცხადებს გოცირიძე.