“რადგან მორიგ ჯერზე დაიწყო საუბარი, სუსტია თუ არა ოპოზიცია, გამიჩნდა კითხვები, რომელზეც ჩემთვის საინტერესო იქნება თქვენი აზრის მოსმენა:1. დავუშვათ, ოპოზიცია სუსტია-ვერ ქმნის საპროტესტო მუხტს. მაინტერესებს, თუ ეს მუხტი არსებობს ქვეყანაში, ოპოზიციის გარეშე რატომ არ ხდება სახალხო გამოსვლების ორგანიზება? თუნდაც სოციალურ თემებზე-არ მაქვს საუბარი დიდ აქციებზე, მცირე ზომის, კონკრეტული თემის გარშემო პროტესტის ორგანიზებაც კი. უიმედობა? შიში? ნიჰილიზმი? რა არის თქვენი აზრით ამის მიზეზი.2. ოპოზიცია საკმაოდ მრავალფეროვნია, მათ შორის, მაგალითად, ენმ-მა მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას-თუმცა, მოშიმშილეების მრავლრიცხოვანი მხარდამჭერი აქციები, არც ენმ-ის ოფისთან გვინახავს. არც მანამდე, ელენე ხოშტარიას შიმშილობის დროს არ ყოფილა რაიმე სახის მხარდამჭერი სახალხო აქცია. რატომ, თქვენი აზრით? და თუ პროტესტის უკიდურესი ფორმაც კი არაა საკმარისი, რა მოლოდინი გაქვთ ინდივიდუალური პოლიტიკოსებისგან, მასობრივი გამოსვლების მოტივაციის შესაქმნელად?3. ოპოზიციას ნამდვილად სჭირდება საკუთარი თავის კრიტიკულად შეფასება. საზოგადოებისგან წნეხი, ბუნებრივია, ოპოზიციასაც ისევე არგებს, როგორც ხელისუფლებას. ამავე დროს, ეს პოლიტიკური ბრძოლა ხვალ და ზეგ არ დასრულდება, ბევრი ბრძოლაა წინ. ამ პროცესში ოპოზიციის მუდმივი კრიტიკა რას მოიტანს? ნიჰილიზმს გაამწვავებს? ახალი პოლიტიკური ლიდერების გამოკვეთას შეუწყობს ხელს, თუ რა მოლოდინი აქვს ოპოზიციის კრიტიკოსებს?4. მე პირადად დიდი ხანია მიმაჩნია, რომ ქართულ პოლიტიკურ კლასს საფუძვლიანი განახლება სჭირდება-მაგრამ ეს განახლება უჭირს. რატომ? რა არის ამის მიზეზი, თქვენი აზრით? ჩემმა ახალგაზრდა მეგობარმა მითხრა, რომ პოლიტიკა შეუმდგარი ხალხის საქმეაო. ამგვარად თუ ხედავს ახალგაზრდა და მოაზროვნე ხალხი ამ საქმეს, რა შანსია ქვეყნისთვის ბრძოლის მოგების?გულწრფელად მაინტერესებს ხალხის აზრი ამ კითხვებზე. ლანძღვის გარეშე-საქმიანი აზრი, თუნდაც ძალიან მწვავედ კრიტიკული”, – წერს პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
იტვირთბა....