პრეზიდენტის ვეტოს იმედი მაქვს, – ასე ეხმაურება ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი, ლონდა თოლორაია აშშ-ის მკაცრ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
როგორც თოლორაიამ „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, აშშ-ის განცხადებაში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ ეს არის უკანა ნაბიჯი დემოკრატიისკენ გზაზე.
„აგრძელებს იმ ხაზს, რაზედაც ვსაუბრობ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რატომ გატარდა ეს რეფორმა ასე სწრაფად და გაუმჭვირვალედ და ღრმა ანალიზის გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯებია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ძირის გამოთხრა დემოკრატიისთვის, ასევე განსხვავებული აზრისა და საზედამხედველო უწყებისთვის სამაგიეროს გადახდა, დასჯა და მისი ხელმძღვანელების გათავისუფლება.
კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ ეს არის უკანა ნაბიჯი დემოკრატიისკენ გზაზე და ეს ძალიან შეუშლის ხელს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას. არ ვიცი, ამაზე მძიმე განცხადება როგორ უნდა გააკეთოს საელჩომ.
ძალიან დიდი იმედი მაქვს პრეზიდენტის ვეტოსი და ასევე იმედი მაქვს იმის, რომ საქართველოს პარლამენტს კიდევ მიეცემა ერთი შანსი“, – განაცხადა თოლორაიამ.
ცნობისთვის, პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 30 დეკემბერს დაამტკიცა.